ჩინეთის მთავრობამ ორმაგი გამოყენების იშვიათ მეტალებზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. საუბარია გალიუმზე, გერმანიუმსა და ანტიმონზე, რომლებიც ამერიკული წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ოფიციალური პეკინი განმარტავს, საწყის ეტაპზე შეზღუდვა მხოლოდ 1 წლით მოიხსნება. ის ძალაში უკვე შევიდა და 2026 წლის 9 ნოემბერს ხელახლა გააქტიურდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის, გასული თვის ბოლოს გამართული შეხვედრა, სადაც მხარეები სავაჭრო დაპირისპირების შემცირებაზე და სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ორმაგი გამოყენების იშვიათი მეტალები, რომელთა უდიდეს მარაგსაც სწორედ ჩინეთი ფლობს, არამარტო ნახევარგამტარების, არამედ სხვა ელექტრონული მოწყობილობების წარმოებისთვის გამოიყენება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ შეზღუდვის ერთი წლით მოხსნა მიწოდების ჯაჭვებზე გაზრდილ ზეწოლას შეამსუბუქებს.
უცნობია, იგეგმება თუ არა ტექნოლოგიურ სექტორში ამერიკის მხრიდან რამე სახის შეზღუდვის გაუქმება. შეგახსენებთ, ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს Nvidia-ს ჩიპებს, რომლებზე შეზღუდვაც დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ დააწესა. მაშინ ის განმარტავდა, რომ ჩინეთის მიერ იშვიათი მეტალების ამერიკისთვის მიყიდვის შეჩერება უპასუხოდ არ უნდა დარჩენილიყო.




























