ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გრძელდება. ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მიმართ ახალი ტექნოლოგიური სანქციები დააწესა. ამჯერად, ჩინეთმა აშშ-ში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, ანუ ისეთი მოწყობილობების ექსპორტი აკრძალა, რომელთა გამოყენება შეიძლება, როგორც ყოველდღიური, ასევე სამხედრო გამოყენებისთვის, ანუ ძირითადად, ეს რეგულაცია დრონებს უკავშირდება.
სი ძინპინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ჩინეთი რუსეთისთვის დრონების და სხვა მსგავსი მოწყობილობების გადაცემაში დაადანაშაულა და შედეგად, რამდენიმე ჩინური კომპანია დაასანქცირა, ანუ ამერიკულ კომპანიებს მათთან ყოველგვარი ვაჭრობა აუკრძალა. ამ ჩამონათვალში, სხვათა შორის, მოხვდა საცალო და კომერციული დრონების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, ჩინური DJI-იც მოხვდა.
როგორც ჩინეთში ამბობენ, ჩინეთს არასდროს მიუწოდებია იარაღი არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის, ხოლო ორმაგი დანიშნულების მოწყობილობების ექსპორტს ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. სანქციების ახალი პაკეტი, რომლის მიზანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ინტერესების დაცვაა, ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევა. ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთის ქალაქ ყაზანში ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადება, რომლის ფარგლებში BRICS-ის კავშირის წევრ სხვა სახელმწიფო ლიდერებს შეხვდება. გამორიცხული არ არის, რომ სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ფედერაციაზე არ გავრცელდეს.