ჩინეთის ხელისუფლებამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მონაცემთა ცენტრებში უცხოური წარმოშობის AI ჩიპების გამოყენებას კრძალავს. ამ ნაბიჯით ქვეყნის ხელისუფლებას იმ საფრთხის განეიტრალება სურს, რაც ამერიკული ტექ-გიგანტების მიერ შექმნილ ჩიპებზე დამოკიდებულების გაზრდას შეიძლება ახლდეს.
შეგახსენებთ, ამ კუთხით ნაბიჯები ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ უკვე გადადგა და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო Data ცენტრებს Nvidia-ს ჩიპების შესყიდვა შეუზღუდა. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში ამჟამად ამერიკული კომპანიის კონკურენტი ჩიპი არ არსებობს, ოფიციალური პეკინი მეტ აქცენტს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ მოწინააღმდეგეზე დამოკიდებულების შემცირებაზე აკეთებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს წამგებიანია როგორც ჩინეთის, ისე ამერიკული კომპანიებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ გზად სწორედ Nvidia-ს ჩიპებზე მომუშავე მონაცემთა ცენტრების გამოყენება სახელდება, რადგან ისინი გაცილებით სწრაფი და შესაბამის საჭიროებებზე მორგებულია და მათზე უარის თქმა ჩინეთს “ტექნოლოგიურ რბოლაში” ჩამორჩენის საფრთხის წინაშე აყენებს. მეორე მხრივ, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დარტყმაა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, განსაკუთრებით Nvidia-სთვის, რომელიც ელოდა, რომ ტრამპი-სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ბაზარზე წვდომას აღიდგენდა და, მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ Data ცენტრებსაც მოამარაგებდა, თუმცა ახლახან მიღებული გადაწყვეტილება ამერიკულ გიგანტს თამაშგარე მდგომარეობაში აყენებს.




























