ჩინეთმა უვიზო მიმოსვლის სქემა, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის გაძლიერებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთხელ გააფართოვა. ნორვეგია პირველი სკანდინავიური ქვეყანა გახდა, რომლის მოქალაქეებსაც ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ.
მანამდე, ივნისში, ჩინეთმა უვიზო მოგზაურობის შეთანხმება პოლონეთთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გააფორმა.
ჩინეთმა უვიზო რეჟიმის სქემა 2024 წლის დასაწყისიდან დანერგა და თავისუფალი მოგზაურობის საშუალება, ზემოჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად, კიდევ 11 ევროპული ქვეყნისა და მალაიზიის მოქალაქეებს მისცა. ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვეიცარიისა და პოლონეთის მოქალაქეებს ჩინეთში ტურისტული ვიზის გარეშე მოგზაურობა 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ.
მიუხედავად ტურისტული სქემის ამოქმედებისა, ჩინეთში ინდუსტრია პანდემიამდელ მაჩვენებლებს ვერ უბრუნდება. კოვიდის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში მიღებული მკაცრი შეზღუდვების გამო, წლების განმავლობაში ჩინეთში ვიზიტისგან თავი ბევრმა მოგზაურმა შეიკავა და, გასულ წელს შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ვითარება კვლავ უცვლელია.
კოვიდპანდემიამდე ჩინეთს უვიზო რეჟიმი ბრუნეისთან, იაპონიასა და სინგაპურთან ჰქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ იაპონიის მოქალაქეებისთვის ანალოგიური სქემა აღარ ვრცელდება.
ჯამში 2023 წელს ჩინეთში უცხოეთის მოქალაქეთა 35.5 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის თითქმის 100-მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით, ძალიან მცირეა. სწორედ ამიტომ, ჩინეთის მთავრობა ტურიზმის ხელშეწყობასა და უცხოური ინვესტიციების მოძიებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან ევროპელ ტურისტებში ჩინეთის მიმართ ინტერესი გაზრდილია. Trip.com-ის მონაცემები აჩვენებს, რომ, 2022-თან შედარებით, გასულ წელს ევროპიდან ჩინეთში სასტუმროების ჯავშნები 663%-ით გაიზარდა. დიდი ბრიტანეთი და გერმანია კი TOP 10 ქვეყანაში შედიოდნენ, საიდანაც ჩინეთში ყველაზე მეტი ტურისტი ჩავიდა.