ბინების გაქირავების პლატფორმა Airbnb-ის მეორე კვარტალის შემოსავლებმა პროგნოზებს გადააჭარბა. ამას ხელი გლობალურმა მოგზაურობამ და აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ახალი მომხმარებლების აქტიურობამ შეუწყო.
30 ივნისს დასრულებულ კვარტალში კომპანიამ ერთ აქციაზე 1.37 დოლარის მოგება დააფიქსირა, გასული წლის 1.03 დოლართან შედარებით.
კვარტალურმა შემოსავალმა კი 3.61 მილიარდი დოლარი შეადგინა (წინა წლის 3.1 მილიარდთან შედარებით), რაც ანალიტიკოსების პროგნოზირებულ 3.57 მილიარდ დოლარზე მეტია.
ტურისტულმა კომპანიებმა, მათ შორის Expedia-მ და Booking-მა, მსოფლიო ჩემპიონატით დიდი სარგებელი მიიღეს. Airbnb-ში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში შეკვეთების მაჩვენებელმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდა დააფიქსირა. სან-ფრანცისკოში ბაზირებული კომპანიის აქციების ფასი 10.8%-ით გაიზარდა.
"ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო შედეგები ვაჩვენეთ. Airbnb-ის სერვისებს იმაზე მეტი ახალი სტუმარი იყენებს, ვიდრე წინა წლებში", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ.
გლობალურად, დაჯავშნილი ღამეებისა და სერვისების რაოდენობა კვარტალში 10%-ით გაიზარდა და 148.3 მილიონს მიაღწია. ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელზეც 2025 წელს შემოსავლების 40%-ზე მეტი მოდიოდა, კვარტალური შეკვეთების მაჩვენებელი თითქმის 10%-ით გაიზარდა.
ჩემპიონატმა და ბრაზილიისა და ინდოეთის ბაზრებზე ზრდამ კომპანიას ირანის ომისგან გამოწვეული წნეხის ნაწილობრივ დაბალანსებაში შეუწყო ხელი. ამ ომმა საავიაციო მარშრუტების შეცვლისა და საწვავის გაძვირების გამო საერთაშორისო მოგზაურობა შეაფერხა. Airbnb-ის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მოთხოვნის სტაბილური აღდგენა შეიმჩნევა.
გასული წლის მაისიდან კომპანიამ პლატფორმა გააფართოვა და მასში პირადი მზარეულების სერვისი, მანქანების გაქირავება და ათასობით ბუტიკ-სასტუმრო ჩართო. ეს მიუთითებს მის სტრატეგიაზე - გასცდეს მხოლოდ ბინების გაქირავების თავდაპირველ მიმართულებას.
ინვესტორები და ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან Airbnb-ის გაფართოების მცდელობებს, რადგან ეს ცვლილება პლატფორმას ტრადიციულ ონლაინ ტურისტულ სააგენტოდ აქცევს. ეს კი ისეთ გიგანტებთან მის კონკურენციას გაზრდის, როგორებიცაა Booking, Expedia და Tripadvisor.
ჩესკის განცხადებით, კომპანიის ტრანსფორმაცია მხოლოდ იწყება. მას შემდეგ, რაც ის მოგზაურობისთვის ერთიან პლატფორმად იქცევა, Airbnb "მოგზაურობიდან ცხოვრების სტილზე" გადავა, მესამე ეტაპზე კი ადამიანების დაკავშირების სხვა გზებს მომხმარებელს შესთავაზებს.
კომპანიის განცხადებით, სასტუმროების ჯავშნები თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე საცხოვრებელი სახლებისა, თუმცა ის ჯამური ჯავშნების მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენს.
კომპანია ვარაუდობს, რომ 2026 წლის შემოსავლები მინიმუმ 15%-ით გაიზრდება, მაშინ როცა მანამდე ზრდა 10-დან 15%-მდე იყო პროგნოზირებული.




























