ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმაღლესი მომლაპარაკებელი სავაჭრო საკითხებში, ლი ჩენგგანგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი იყო.
ამ დრომდე უცნობია მისი გათავისუფლების მიზეზი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იგი უკავშირდება ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სავაჭრო ომში განვითარებულ უახლეს ამბებს, რაშიც ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან უცხოურ კომპანიებზე სანქციების გაზრდა, საპასუხოდ კი, ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძვირფას მინერალებზე საექსპორტო შეზღუდვების დაწესება იგულისხმება.
რაც შეეხება არსებულ ვითარებას, მთავრობამ ლი ჩენგგანგის შემცვლელი უკვე დაასახელა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად ლი იონგჯი დანიშნა.




























