მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო მიმოცვლა 2023 წელს რეკორდულად გაიზარდა - CNN

6481eb7dcd4b3
სალომე ხიდურელი
09.06.23 00:40
666
მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $93.8 მილიარდი შეადგინა, რაც 40.7%-ითაა გაზრდილი 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას CNN ჩინეთის საბაჟო სამსახურის გენერალურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩანს, რომ რუსეთში ჩინეთის საექსპორტო ბრუნვამ 2023 წლის იანვრის შემდეგ $42.96 მილიარდს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 75.6%-იანი ზრდაა. აღნიშნულმა რიცხვებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთი კი ჩინეთის ყველაზე სწრაფად მზარდი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთი დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო სანქციებს ქვეშ აღმოჩნდა და მსოფლიო ეკონომიკას, ფაქტობრივად, გამოეთიშა. თუმცა ჩინეთმა მეზობელ ქვეყანასთან მეგობრულ ურთიერთობებს ლიმიტი თავიდანვე არ დაუწესა და კრემლს, გლობალური ფინანსური სისტემიდან გარიცხვის შემდეგ, ეკონომიკური დახმარება გაუწია.

ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობა, გასულ წელთან შედარებით, 2023 წელს შემცირებულია. ტაივანი, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და შეერთებული შტატები ის ქვეყნებია, რომლებმაც ჩინეთთან ვაჭრობა ყველაზე მეტად შეამცირეს. ტაივანსა და ჩინეთს შორის ბრუნვა 25%-ით, აშშ-სა და ჩინეთს შორის კი - 12.3%-ით შემცირდა.

მედიის ცნობით, გასულ თვეს რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 2023 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის $200 მილიარდამდე ზრდა ივარაუდა. ორი ქვეყნის პრემიერი ერთმანეთს ბეიჯინგში მაისში შეხვდნენ, სადაც ჩინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა რუსეთთან მუშაობისთვის, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მათ „პრაგმატულ კოოპერაციას“ და ახალ საფეხურზე აიყვანოს ის.

მიშუსტინის თქმით, ორი ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების შემდგომი იმპლემენტაციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები