საერთაშორისო ინვესტორები და კომპანიები ჩინეთის მიმართ ნდობას კარგავენ. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ჩინეთმა 128 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 8.4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
FDI-ს შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩინეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, პეკინმა კი საპასუხო ზომებიც მიიღო და გრაფიტის ექსპორტი შეზღუდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, Evergrande და Country Garden-ი გადახდისუუნაროა, მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.
ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში Country Garden-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწევს, ეს კი უძრავი ქონების სექტორში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც შემდგომ ბანკებს და სხვა კომპანიებსაც შეიწირავს.
ცხადია, ასეთ რისკებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ და ამიტომაც ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ჩინეთის მიმართ ინტერესი იკლებს.




























