ჩინეთი საქართველოსთვის აღმოსავლეთის მიმართულებით ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზარია, თუმცა ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი 45%-ით შემცირდა. შედეგად, ჩინეთში 2023 წლის იანვარ-ივნისში სულ 219 მლნ 785 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიტანეთ.
წლის პირველ ნახევარში, ჩინეთთან ვაჭრობაში, ყურძნის ნატურალური ღვინოები Top-საექსპორტო საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიან ექსპორტში ღვინოს 6.9%-იანი წილი უკავია.
თუ ჩინეთის მიმართულებით ღვინის ექსპორტის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ წლის პირველი ნახევრის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაში რეკორდული 2017 წელს იყო (10.1 მლნ დოლარი, 2 773 ტონა), რაც საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერიოდს ემთხვევა. ამის შემდეგ ღვინის ექსპორტი ხან მცირდებოდა, ხან კი იზრდებოდა.
2016 წლის შემდეგ პირველი 6 თვის განმავლობაში, წლების მიხედვით ჩინეთში გატანილი ღვინის ღირებულება და მოცულობები ასეთი იყო:
2016 წლის იანვარ-ივნისი - 4.8 მლნ დოლარი, 1 219 ტონა;
2017 წლის იანვარ-ივნისი - 10.1 მლნ დოლარი, 2 773 ტონა;
2018 წლის იანვარ-ივნისი - 8.6 მლნ დოლარი, 2 134 ტონა;
2019 წლის იანვარ-ივნისი - 9.2 მლნ დოლარი, 2 619 ტონა;
2020 წლის იანვარ-ივნისი - 6.7 მლნ დოლარი, 1 772 ტონა;
2021 წლის იანვარ-ივნისი - 7.5 მლნ დოლარი, 1 945 ტონა;
2022 წლის იანვარ-ივნისი - 7.1 მლნ დოლარი, 2 081 ტონა.
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთში 6 მილიონ 039 ათასი დოლარის ღირებულების 1 722 ტონა ღვინო გაყიდა. ექსპორტის ღირებულება 15.7%-ით, ხოლო მოცულობა 17.2%-ით შემცირდა.
BM.GE-მ საქსტატიდან ღვინის ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულიც გამოითხოვა, რომლებიც მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთში ღვინოს ყიდდნენ. ეს კომპანიებია: სს ბადაგონი; სს თბილღვინო; სს თელავის ღვინის მარანი; სს შატო მუხრანი; შპს ბერიკა; შპს ბექაურის ვენახები; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია; შპს ველვაინი; შპს კონჭო და კომპანია; შპს მეღვინეობა ხარება.