საქართველოდან 9 თვეში 214 მილიონ 542 ათასი დოლარის ღირებულების ღვინოები გავყიდეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასული წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9-თვიან ჭრილში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე ჯამში 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია, რომელსაც ღვინის მთლიან ექსპორტში 68.4% უკავია. ამ მიმართულებით წელს ექსპორტი 13.8%-ით გაიზარდა. რუსეთში გაყიდული 53 660 888 ლიტრი ღვინისთვის ქვეყანამ 146 მლნ 882 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
BM.GE-მ საქსტატიდან რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, წელს რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს:
- სს ბადაგონი;
- შპს "წინანდლის ძველი მარანი";
- შპს GVMT Group;
- შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
- შპს ასკანელი ძმები;
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
- შპს კახური ღვინის მარანი;
- შპს კომპანია ბესინი;
- შპს შალვინო
კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.