2025 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში, რუსეთში ღვინის ექსპორტის კლების შემდეგ, მეხუთე თვეში - მაისში ამ მიმართულებით სასმლის გაყიდვები გაიზარდა.
იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში ჯამურად 57 მილიონ 596 ათასი დოლარის ღირებულების 20 856 831 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ექსპორტს ღირებულებაში 44.9%-ით ჩამორჩება. მხოლოდ მაისში კი, რუსეთში ღვინის გადაზიდვები 243%-ით 17.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდვების კლება, რუსეთის მიერ ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყო განპირობებული, რომელიც მაისში ამოქმედდა. 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რუსეთში ქართული ღვინის გადაზიდვები რეკორდული იყო, რაც მაისში მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, მაისში რუსეთში რეალიზების ზრდაც გასული წლის დაბალი საბაზო მაჩვენებლით არის განპირობებული.
მაისში რუსეთში ღვინის გაყიდვების გააქტიურება, ქართული ღვინის ჯამურ ექსპორტზეც აისახა და მაისში ექსპორტი 83%-ით გაიზარდა. თვეების მიხედვით ღვინის ექსპორტის დინამიკა ასეთია:
იანვარი - $13 მლნ, 4 243 466 ლიტრი; კლება - 28%;
თებერვალი - $16.3 მლნ, 5 350 623 ლიტრი; კლება - 44.6%;
მარტი - $20.4 მლნ, 6 958 114 ლიტრი; კლება - 43%;
აპრილი - $22 მლნ, 7 377 860 ლიტრი; კლება - 48.6%;
მაისი - $25.8 მლნ, 9 080 891 ლიტრი; ზრდა - 83%.
რაც შეეხება იანვარ-მაისში საქართველოდან ღვინის ჯამურ ექსპორტს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაყიდვები 30.5%-იან კლებას აჩვენებს. შედეგად ქვეყანამ 33 010 955 ლიტრი ღვინის გაყიდვით 97 მილიონ 767 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 2.6 მლრდ-იან ექსპორტში ქართულმა ღვინომ 3.8%-იანი წილით ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეულში 3.8%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც 2024 წლის 5 თვეში ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელი 6.2%-იანი წილით იყო წარმოდგენილი.
5 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 58.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 74.3% იყო.
ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ქვეყნებში, გაყიდვები რუსეთის გარდა, მცირედით თუმცა შემცირებულია გერმანიაში, აშშ-სა და უკრაინაში.
TOP-10 ღვინის საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- რუსეთი - $57.6 მლნ, 20 856 831 ლიტრი;
- პოლონეთი - $7.4 მლნ, 3 069 894 ლიტრი;
- უკრაინა - $4.7 მლნ, 1 712 757 ლიტრი;
- ყაზახეთი - $4.4 მლნ , 1 329 679 ლიტრი;
- ჩინეთი - $4.3 მლნ, 1 364 017 ლიტრი;
- ბელარუსი - $3.4 მლნ, 1 229 760 ლიტრი;
- აშშ - $2.4 მლნ, 386 015 ლიტრი;
- გერმანია - $2.3 მლნ, 503 453 ლიტრი;
- ლატვია - $1.9 მლნ, 522 397 ლიტრი;
- ლიეტუვა - $1 მლნ, 306 311 ლიტრი.