მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში Huawei-ის გაყიდვები 37%-ით გაიზარდა, რითაც კომპანიამ Apple-ს გადაუსწრო

vs apple

მესამე კვარტალში Huawei ჩინეთში სმარტფონების ყველაზე სწრაფად მზარდი მწარმოებელი გახდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბაზარზე ახალი, ულტრათანამედროვე ჩიპიანი მობილური გამოუშვა - იტყობინება CNBC.

მსგავსი ტემპით ზრდა Huawei-ის საშუალებას აძლევს, ჩინეთში, ბაზრის წილის მიხედვით, TOP 5 მწარმოებელში მოხვდეს. Counterpoint Research-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვები წლიურ ჭრილში 37%-ით გაიზარდა. III კვარტალში Huawei-ის ჩინეთის სმარტფონების ბაზრის 12.9%-იანი წილი ეჭირა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 9.1%-ს არ აღემატებოდა.

ამავე დროს, ბაზარზე ყველაზე დიდი წილის მქონე Honor-ის გაყიდვები წლიურ ჭრილში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, სხვა მსხვილმა მწარმოებლებმა კი შედეგებში ორნიშნა კლება ნახეს, თუმცა ანგარიშში ზუსტი რიცხვები დაკონკრეტებული არაა.

Huawei-ის წარმატება სექტემბერში გამოშვებულმა სმარტფონმა - Mate 60 Pro - მოუტანა, რომელიც უახლესი 7 ნანომეტრიანი ჩიპითა და 5G ტექნოლოგიითა აღჭურვილი. ახალმა მობილურმა ჩინელ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, გამოსვლიდან 6 კვირაში კომპანიამ 1.6 მილიონი ერთეული სმარტფონი გაყიდა, რამაც Huawei-ის სწრაფი ზრდა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში Huawei მაღალ სეგმენტში Apple-ის ერთადერთი ძირითადი კონკურენტია, მისი აღზევება კი ამერიკული კომპანიისათვის გარკვეულ გამოწვევებს აჩენს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ Huawei თავის ახალ ჩიპს საშუალო ან დაბალბიუჯეტურ მობილურებში ჩააინტეგრირებს, ამით ბაზრის წილს კიდევ უფრო გაზრდის.

ჩინეთის სმარტფონების ბაზრის მოცულობა 2022 წელს 14%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც მკაცრი კოვიდშეზღუდვებია, რომლებიც ქვეყანაში დიდ ხანს გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები