მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში, ისრაელში, ქუვეითსა და იორდანია-ლიბია-ერაყში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს - პრემიერი დიპლომატებს შეხვდა

ჩინეთის ელჩი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში, ისრაელში, ქუვეითსა და იორდანია-ლიბია-ერაყში ახლად დანიშნულ ელჩებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ელჩებთან შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ პრესრელიზები გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერმა დიპლომატებს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი პაატა კალანდაძე გახდა, რომელთან შეხვედრაზეც პრემიერმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილა.

პრემიერ-მინისტრმა და ახალმა ელჩმა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, პაატა კალანდაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

კიდევ ერთი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერსა და ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შორის შედგა. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

უწყების ცნობით, ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე - საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ ელჩს - ნოშრევან ლომთათიძესაც შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით.

უწყების ცნობით, ნოშრევან ლომთათიძეს 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ნოშრევან ლომთათიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრა, ხოლო მაგისტრის აკადემიური ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, საჯარო მართვის სპეციალობით მიენიჭა.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ არჩილ ძულიაშვილთან შეხვედრაზე კი პრემიერმა და დიპლომატმა საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, არჩილ ძულიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, რომელიც პარალელურად ფარავდა შემდეგ ქვეყნებს: ბანგლადეში, ტაილანდი ნეპალი, მალდივები, შრი-ლანკა. ასევე იყო აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

სხვადასხვა დროს ის იკავებდა საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობას, ასევე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მოიცავდა ასევე ტუნისსა და ლიბიას და სირიას. იყო არაბთა ლიგასა და აფრიკის კავშირში საქართველოს წარმომადგენელი. ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია; მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი - გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს კონსული; მუშაობდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების სამმართველოს პირველ მდივნად, სამმართველოს უფროსად, შემდგომ კი - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის სახელმწიფოთა დეპარტამენტის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოს ატაშე, ასევე - პირველი მდივანი; 2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები