მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთში ხელი მოეწერება ახალ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობები გამყარდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რომელ შეთანხმებებს მოეწერება ხელი. ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაზე საუბრობს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე დელეგაციის შემადგენლობაშია. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

"ქართული ოცნების" მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩინეთთან, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გარდა, საქართველოს ასევე 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აკავშირებს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. დღემდე არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებების ოქმს ხელი 2026 წლის I კვარტალში მოეწერება. BMG ეკონომიკის სამინისტროსთან არკვევს რომელ კონკრეტულად რომელი შეთანხმების გაფორმება იგეგმება სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს ჩინეთში.

ირაკლი კობახიძე ხუთ მინისტრთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

"ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც გამყარდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის.

ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. ჩინეთში ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ღირსეულად მოახდინოს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩინეთში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. შანხაიში გაიმართება გამოფენა, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას, როგორც საპატიო სტუმარი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები