მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა - რა ითქვა?

64bec9260abcd
გიორგი არონია
24.07.23 23:08
545
მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ჩინეთის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები განიხილა. სი ძინპინი და წითელი პარტიის სხვა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ვერა და ვერ ამოვიდა პოსტ-კოვიდური შეზღუდვებით გამოწვეული სირთულეებიდან, სტიმულირება სჭირდება. 2023 წლის მეორე კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 1%-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზრდის ტემპი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ამასთან, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ერთი პროცენტით აცდა პროგნოზირებულს, რაც ასევე საგანგაშო ინდიკატორად ითვლება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკა მიზნობრივი 5%-ით მაინც გაიზრდება.

ყველაფერი ეს, პირდაპირ უკავშირდება ჩინეთში რამდენიმე წლის განმავლობაში გაბატონებულ პანდემიურ რეგულაციებს. თუ სამყარო ანტიკოვიდური პოლიტიკიდან თითქმის ორი წლის წინ გამოვიდა, ჩინეთში მკაცრი კონტროლი დეკემბერში შეწყდა. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთში კოვიდის შემთხვევების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო, ანუ ქალაქი, სადაც შემთხვევები იმატებდა, უბრალოდ იკეტებოდა, ხოლო ადამიანები კარანტინში ხვდებოდნენ. ამის შედეგად, უძრავი ქონების ინდუსტრია, რომელზეც ჩინეთის ეკონომიკის 20% მოდის, უბრალოდ ჩაწვა. ამასთან, გლობალურად შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ცუდ დღეში აღმოჩნდა ჩინეთის საექსპორტო მიმართულებაც.

პარალელურად ამისა, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში უმუშევრობის ისტორიული მაქსიმუმიც დაფიქსირდა, რომელიც 21.3%-ს შეადგენს. ამას, ცხადია, განაპირობებს, როგორც ჩინეთის დიდი მოსახლეობა, ასევე ის ფაქტი, რომ ჩინური ქალაქები და ჩინური სოფლები განვითარების დონით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და საერთო საშუალოს მაღლა სწორედ სოფლად მცხოვრები ადამიანები სწევენ. საპირწონედ ამისა, ქალაქებში, ივნისში, 5.2%-იანი უმუშევრობა დაფიქსირდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, სი ძინპინის თამადობით, საფიქრალი ბევრი აქვს. პოლიტბიუროს დღევანდელი სხდომა და განცხადებების პათოსი და რიტორიკა, სწორედ ამის დასტურია. ამ მხრივ, გამოსარჩევია პოლიტბიუროს ორი გადაწყვეტილება. პირველი - ეკონომიკური მოთხოვნის სტიმულირებას ეხება, მეორე კი - სამშენებლო სექტორში არსებული კრიზისით დაჩაგრული ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის ოპტიმიზებას.

შედარებით რბილი იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს რიტორიკა ქვეყნის დეველოპერულ სექტორზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს სექტორი, მოგეხსენებათ, ორი წელია, რაც კრიზისშია, რასაც, თავის წილ, სწორედ კომუნისტური ხელისუფლების მიერ ბაზრისთვის დაწესებული შეზღუდვები განაპირობებს. კრიზისი, ცხადია, ჩანს რიცხვებშიც. თუ 2019 წლის 1-ელ ნახევარში ჩინეთში 780 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი ფართი აშენდა, წელს ეს მაჩვენებელი 363 მილიონს უდრის. საცხოვრებელი განაშენიანების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2006 წელს დაფიქსირდა. არადა, უძრავი ქონების სექტორზე ჩინეთის ეკონომიკის 20%, ანუ მეხუთედი მოდის.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებით პოლიტბიუროს განცხადებას უცნაურობაც ახლდა თან, რადგან 2019 წლის შემდეგ პირველად, სი ძინპინისგან ვერ მოვისმინეთ განცხადება, რომ “სახლი - საცხოვრებლადაა საჭირო და არც სპეკულაციისთვის”. როგორც ჩანს, სი ძინპინის ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება, რადგან ხელისუფლება უძრავი ქონების ბაზარზე არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. გადაწყვეტები, რომლებსაც მედიაში აქტიურად განიხილავენ, იპოთეკურ სესხებზე წინსწრებით გადასახდელი მინიმალური თანხის ზღვრის დაწევას და ბინის პირველად შეძენის შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტების გაზრდას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ჩინელ ადამიანს, რომელსაც ბინა არასდროს უყიდია, მაგრამ სურს ეს ნაბიჯი გადადგას, სახელმწიფო ბინის ღირებულების 30%-ის წინსწრებით დაფარვას ავალდებულებს, რაც, დამეთანხმებით, მარტივი მოსაგროვებელი არ არის.

ჩინეთის კომუნისტური მთავრობა აქტიურად არეგულირებს გაქირავების ბაზარსაც და ადამიანებს, რომლებიც უძრავ ქონებას რეგიონებში ფლობენ, ავალდებულებს, დამქირავებლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიაწოდოს. კი, აღნიშნული კანონები უძრავი ქონების მფლობელების ინტერესებს იცავს, მაგრამ, ცხადია, ამით ხარჯებიც იზრდება.

თუ შარშან, მაგალითად, პოლიტბიურომ მიზნად უძრავი ქონების ბაზრის სტაბილური განვითარება დაისახა მიზნად, წელს რიტორიკა შეიცვალა. უახლეს დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჩინეთი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის მნიშვნელოვან ცვლილებაზე რეაგირებას აპირებს, თანაც დროული და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ოპტიმიზებული პოლიტიკური გადაწყვეტებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიმიტები დაიწევს და ადამიანები ჩინეთში ბინების ყიდვა-გაყიდვას და გაქირავებას უფრო მარტივად შეძლებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დაასტაბილურებს.