ჩინეთისა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Tmall-ზე პირველ წელს ქართული კომპანია „გეფერინის“ 250 000 დოლარის ღირებულების ჩანთები გაიყიდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე BM.GE-სთან ამბობს, უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმაზე ქართული წარმოების ჩანთები სატესტო რეჟიმში 6 თვეა რაც იყიდება. მისი ინფორმაციით, ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პირველ წელს პლატფორმაზე ბრენდის წარმოებული ჩანთები გაყიდვას მოიცავს, რომლის ღირებულება 250 000 დოლარი იქნება, ამასთან ერთად მარკეტინგის მიმართულებით ჩინელი პარტნიორები 150 000 დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.
„ჩვენი ჩანთები Tmall-ზე 6 თვეა სატესტო რეჟიმში იყიდება. დაახლოებით 20 მოდელის ჩანთა გვქონდა გაგზავნილი. ამ პერიოდმა ცხადყო, რომ ქართული ჩანთებისადმი ინტერესი დიდია და ახლა უკვე დიდი მოცულობების გაგზავნას შევძლებთ“, - განმარტა გეფერიძემ.
ქართული ბრენდის ჩინელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ აქვეყნებს. სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ჩინელი ინვესტორები კომპანია „გეფერინის“ პროდუქციით 2019 წელს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ - ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე გაცნობისას დაინტერესდნენ, სადაც ქართული კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მონაწილეობდნენ და „აწარმოე საქართველოში“ ჩართულობით, რამდენიმეწლიანი აქტიური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, პირველად ჩინეთისა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Tmall-ზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია, კერძოდ ქართული კომპანია „გეფერინის“ ჩანთები გამოჩნდება.
„ეს არის ძალიან დიდი შედეგი, რადგან ჩინეთის ბაზარზე გასვლა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ დროს საჭიროებს. თუმცა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ შედეგი სახეზეა - ჩინურმა კომპანიამ 400 000 დოლარის ინვესტირების შეთანხმება გააფორმა ქართულ კომპანიასთან და ამიერიდან, ქართული ჩანთები უმსხვილეს ჩინურ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის: ქართული კომპანია „გეფერინი“ თვეში 2 000 ჩანთავს კერავს, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს 13 ქვეყანაში იყიდება. ილია გეფერიძე ამბობს, რომ კომპანია ბაზრების გაფართოებასა და გაყიდვებში ექსპორტის 60%-მდე გაზრდას გეგმავს.