სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის პროგნოზით, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში, შესაძლოა, ჩინეთის მასშტაბით კორპორაციულ ობლიგაციებზე დეფოლტის ახალი ტალღა დაიწყოს, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთში ამჟამად არსებული ვითარება უჩვეულოა და თან არაჯანსაღია, რადგან კორპორაციულ ობლიგაციებზე დეფოლტის საშუალო მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს, რაც გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელი, რომელიც 2.6%-ია. შესაძლოა, ეს მსჯელობა დამაბნევლად ჟღერდეს და იფიქროთ, რომ ჩინეთში ვითარება ზედმეტად კარგადაა, თუმცა ამ რიცხვის მიღმა ის ფაქტი იმალება, რომ კომპანიების მხრიდან დეფოლტის გამოცხადებას ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა არ უშვებს, რომელიც კორპორაციული ვალდებულებების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდებს ხარჯავს, ეს კი არამდგრადი მიდგომაა.
თავად მთავრობის ქმედება მარტივად გასაგებია და ის ერთ მიზანს ემსახურება - ჩინეთის საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესებას და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში FDI-ს მოცულობამ თითქმის 80%-ით იკლო, ამის ფონზე კი ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება საერთაშორისო ინვესტორებში სრულ პანიკას და ჩინური საფონდო ბირჟის ჩამოშლას გამოიწვევს, რაც ოფიციალური პეკინის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
როგორც S&P Global-ში განმარტავენ, ჩინეთის ეკონომიკაში არაერთი ფუნდამენტური პრობლემაა დაგროვილი, მათ შორის უდიდესი კი კოლაფსის პირას აღმოჩენილი უძრავი ქონების სექტორი და მასზე გადაბმული საბანკო-საფინანსო სექტორია. ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორებმა ჩინური კორპორაციული ობლიგაციების მიმართ ამჟამად განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან დეფოლტის რისკები ზედმეტად მზარდია.