მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში თორიუმის დიდი მარაგი აღმოაჩინეს - რას ნიშნავს ეს ენერგეტიკისთვის?

ჩინეთი / ბირთვული ენერგია

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მონღოლეთთან ახლოს მდებარე რეგიონში დიდი ოდენობით თორიუმი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები, რომლებიც გასაიდუმლოებული იყო და იანვარში Geological Review-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ ჩინეთის თორიუმის რესურსები, შესაძლოა, იმაზე გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამ ტერიტორიაზე იმდენი თორიუმი მოიპოვება, რომ აშშ-ის 1,000-წლიანი ენერგომოხმარების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ხუთწლიანი მოპოვებაც საკმარისი იქნება.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო აღმოჩენა, რომელიც ბაიან ობოს სამთო კომპლექსში შედგა, სადაც მეცნიერების შეფასებით, შესაძლოა, მილიონი ტონა თორიუმი ინახებოდეს, რაც, თუ დადასტურდა, ჩინეთის ენერგეტიკულ მოთხოვნას მომდევნო 60,000 წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს. როგორც პროექტზე მომუშავე გეოლოგები ამბობენ, წიაღისეული საწვავისთვის ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ, როცა ინამდვილეში, უსასრულო ენერგიის წყარო პირდაპირ ჩინელების ფეხქვეშ იმალებოდა.

თორიუმი ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც დედამიწის ქერქში სამჯერ დიდი მოცულობით მოიპოვება, ვიდრე ურანი. თუმცა ურანის 235-ე იზოტოპისგან განსხვავებით, თავად თორიუმი არ არის ფისილური ელემენტი, ანუ მას არ შეუძლია თვითგაყოფა და ენერგიის გამოყოფა, მაგრამ დამუშავების შედეგად ის ურანის 233-ე იზოტოპად გარდაიქმნება, რომლის გამოყენება ბირთვულ საწვავად შეიძლება.

თორიუმის მთავარი უპირატესობები არის მისი უსაფრთხოება და ეკოლოგიურობა. ურანზე დაფუძნებულ ტრადიციულ ბირთვულ ენერგიასთან შედარებით, თორიუმის რეაქტორები წარმოქმნიან ნაკლებად ტოქსიკურ ნარჩენებს, მცირდება ბირთვული იარაღის გავრცელების რისკი, ხოლო ენერგიის წარმოებისთვის არ არის საჭირო მაღალ წნევაზე მომუშავე სისტემები, რაც კატასტროფების რისკს ამცირებს.

გარდა ბირთვული ენერგეტიკისა, თორიუმი გამოყენებულია ოპტიკურ ლინზებში, აეროკოსმოსურ შენადნობებში და გაზის განათების სისტემებში, მაგრამ რადიოაქტიურობის გამო თორიუმის კომერციული გამოყენება შეზღუდულია.

ბოლო წლებში ჩინეთმა თორიუმზე დაფუძნებულ ბირთვულ ტექნოლოგიებში ინვესტირება დაიწყო. 2023 წელს ეროვნულმა ბირთვული უსაფრთხოების სააგენტომ ავტორიზაცია მიანიჭა თორიუმზე მომუშავე სატესტო რეაქტორს, რომელიც განუს პროვინციაში მდებარეობს. თუ ეს პროექტი წარმატებით განვითარდება, ჩინეთი შეძლებს თორიუმული რეაქტორების კომერციულ დონეზე ათვისებას. ამასთან, ჩინეთმა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს პირველი თორიუმით მომუშავე ბირთვული კონტეინერმზიდი წარადგინა.

მიმდინარე აღმოჩენა ჩინეთს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გადაამუშაოს საკუთარი ენერგოსისტემა, შეამციროს ნახშირის გამოყენება და უზრუნველყოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. უშუალოდ ჩინეთის გარდა, ეს აღმოჩენა გავლენას მთელ პლანეტაზე მოახდენს. თუ თორიუმული ენერგია კომერციულად განვითარდება, გლობალური ენერგეტიკული სექტორისთვის ეს გარდატეხის ტოლფასი იქნება, რამაც, შესაძლოა, შეამციროს პლანეტის დამოკიდებულება ნავთობზე და გაზზე, რასაც ბირთვული რევოლუცია მოჰყვება.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები წლებია საუბრობენ თორიუმის პოტენციალზე, მისი ფართომასშტაბიანი გამოყენება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ჩინეთის მხრიდან მასშტაბური ინვესტიციების ფონზე, მსოფლიოში შესაძლოა დაიწყოს ახალი ენერგეტიკული ეპოქა, რომელიც უფრო უსაფრთხო, მდგრადი და სუფთა იქნება, ვიდრე ტრადიციული საწვავზე დაფუძნებული ენერგოსისტემები. ამ ყველაფრის ფონზე, თორიუმმა ჯერ კიდევ დიდ გამოცდას უნდა გაუძლოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ჩინეთის ეს აღმოჩენა ენერგეტიკის მომავალზე უდიდეს გავლენას იქონიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები