მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ტურისტებისთვის 5000-ოთახიანი საკარანტინე ცენტრი 3 თვეში ააშენეს

61556f7acd9a2
თათია კაკიაშვილი
30.09.21 23:00
696
ჩინეთმა ქვეყანაში შემსვლელი ტურისტებისთვის 5000-ოთახიანი საკარანტინე ცენტრი ააშენა, რომლის ღირებულებამაც 260 მილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ცენტრი სამსართულიანი შენობების ერთობლიობაა, რომელიც მთლიანობაში 46 საფეხბურთო სტადიონის ზომისაა, მის აშენებას კი სამ თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა. საკარანტინე ცენტრის მთავარი მიზანია, სრულად ჩაანაცვლოს მსგავსი ტიპის სასტუმროები და მასში უცხოეთიდან ჩასული ყველა საერთაშორისო ტურისტის განთავსება იყოს შესაძლებელი. ეს კი, ჩინეთის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყანაში ვირუსის იმპორტირებული შემთხვევების შემცირებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ტურისტებს საკარანტინო ცენტრში, ჩინეთში ჩასვლისთანავე, სპეციალური ავტობუსებით პირდაპირ აეროპორტიდან მიიყვანენ და ისინი თავიანთ ნომრებში ორი კვირის განმავლობაში გაჩერდებიან. თითოეული ნომერი აღჭურვილია ვიდეოჩატის კამერით, ხელოვნური ინტელექტის მქონე თერმომეტრით, რობოტებით, რომლებიც სტუმრების სამჯერად კვებაზე იზრუნებენ და ეს ყველაფერი იმდენად გაციფრულებულია, რომ ადამიანების ჩართულობა პრაქტიკულად ნულის ტოლია.

საკარანტინე ცენტრის ოფიციალური დასახელებაა - "გუანჯოუს საერთაშორისო ჯანდაცვის სადგური", რომელიც ჩინეთში ამ ტიპის პირველი დაწესებულება იქნება. მსგავსი საკარანტინე ცენტრების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

საგულისხმოა, რომ 18 თვეზე მეტია, ჩინეთის საზღვრები უცხოელი ტურისტების უმეტესობისთვის დახურულია. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ, სპეციალური რეგულაციები ეხებათ: მათ 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ, შემდეგ კი 1-კვირიანი თვითიზოლაცია სახლში ან არასპეციალიზებულ სასტუმროში. ამ წესების დაცვა კი ისეთი მოქალაქეებისთვისაც სავალდებულოა, ვინც COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის აცრილი.

ცენტრის აშენება და განსაკუთრებული ზომების შემოღება ჩინეთის ხელისუფლებისთვის მსოფლიოში სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტის გამო გახდა აუცილებელი, რომელმაც ჩინეთის სამხრეთით პრაქტიკულად ვირუსის აფეთქება გამოიწვია. საკარანტინე ცენტრის მშენებლობაში 4000-ზე მეტი მუშა იყო ჩართული. დაწესებულების მშენებლობა სექტემბრის დასაწყისში დასრულდა, ახლა კი 200-მდე სამედიცინო პერსონალი სპეციალურ გადამზადებას გადის იმისთვის, რომ ოქტომბრის დასაწყისში ცენტრი ოფიციალურად გაიხსნას.

საგულისხმოა ისიც, რომ კომპლექსი ქალაქის დანარჩენი ნაწილისგან სრულად იზოლირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროებისგან ქალაქი სრულად დაცული იქნება. ამასთან, ცენტრში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი 28 დღის განმავლობაში იმუშავებს, შემდეგ კი ისინი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, სანამ საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის საკარანტინე ცენტრის აშენება გარდაუვალი გახდა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია - ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ჩინეთში 1 მილიარდი ადამიანი სრულად აცრილი იყო, რაც ჩინეთის 1,4 მილიარდი მოსახლეობის 71%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი სხვა ისეთ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც საზღვრები უკვე გახსნეს, გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნის ხელისუფლებამ ტურისტების 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები