ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში "ოცნების" მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა 4 სტრატეგიული მემორანდუმი, რომლებიც მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და საინვესტიციო პარტნიორობის გაფართოებას - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით აფციაური ამბობს, რომ ვიზიტი, რომელიც ჩინეთში შედგა ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირების გამყარებას ემსახურება და პოზიტიური სიგნალია. თუმცა მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ ჩინეთის ბაზრისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საქართველოსთვის არატრადიციული პროდუქციის ექსპორტზე უნდა ვიფიქროთ.
მათ შორის, ყოფილი ელჩის შეფასებით, ჩინეთთან ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბებაზეც უნდა დაიწყოს მუშაობა, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ აწარმოოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, რომელზე მოთხოვნაც, როგორც ჩინეთის, ისე სხვა ბაზრებზე იქნება.
“საქართველო არ უნდა იყოს მარტო სერვის ეკონომიკაზე აგებული, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიც ტურიზმია. ჩვენ გვჭირდება ახალი პროდუქცია, ისეთი პროდუქცია, რომელიც იქნება გაყიდვადი თუნდაც ჩინეთში. ამისთვის ჩინეთთან ერთობლივ საწარმოებზე არა მარტო ფიქრია საჭირო, არამედ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.
ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ექსპორტის პოტენციალის ხარისხობრივად შეცვლა. ამ მხრივ უნდა გადავიდეთ, ტრადიციული საქონლისგან, უკვე მზა პროდუქციის ექსპორტზე.
შეიძლება ამ მხრივ დავიწყოთ ფიქრი პროდუქციის გამოშვებაზე ჩინეთის ერთობლივ საწარმო ძალებთან, ერთობლივად ჩინეთთან. ეს პროდუქცია კი გაიყიდოს თუნდაც ჩინეთში, ან სხვა ბაზრებზე. ლაპარაკი მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე, მაგალითად რობოტიზაცია რომ ავიღოთ, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება”,- ამბობს ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით აფციაური.




























