საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გაჩერებას ზედიზედ 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. როგორც ცნობილია, წლის სექტემბერში იგივე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვისაც მიიღო.
შემომყვანი ტურიზმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტემბერში ჩინელი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ეფექტი ტურისტულ ნაკადებზე არ ჰქონია.
გიდი და ტუროპერატორი ალექსანდრე გიორგიძე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფრენების დაბალ სიხშირეს ასახელებს. მისი თქმით, აუცილებელია პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებიდან და გაიზარდოს ფრენის სიხშირეც. მისი განმარტებით, აქცენტი მაღალმხარჯველ ტურისტებზე უნდა გაკეთდეს.
“ორი-სამი რეისი იყო დღეში დაანონსებული. რეისებმა კი მოიმატა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ რამე სახეცვლილება ყოფილიყო. ჩინელი ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ისინი ჯერ არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან სეგმენტს და რა თქმა უნდა, სასურველია გაიზარდოს მათი რაოდენობა, რადგან ჩვენ თუ ჩინეთიდან ტურისტების სწორ სეგმენტს ჩამოვიყვანთ, ვგულისხმობ მაღალმხარჯველ სეგმენტსა ამას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.
მარკეტინგი რაც არ უნდა გააქტიურდეს ჩინეთის მიმართულებით თუ არ მოხდა ფრენების გააქტიურება შედეგი არ გვექნება. სახელმწიფოებს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება ფრენების სიხშირეების გაზრდაზე. ასევე ფრენები უნდა იყოს ისეთი დიდი ქალაქებიდან როგორებიცაა ბეიჯინგი, შანხაი, ამ ქალაქებიდან არ არის ფრენები სამწუხაროდ,”- ამბობს გიდი ალექსანდრე გიორგიძე.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, მას შემდეგ რაც ჩინელი ვიზიტორებისთვის საქართველომ სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოს 15 290 ჩინელი ტურისტი ესტუმრა, ეს რიცხვი კი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.