ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ ქაღალდზე და ის ორივე ქვეყნისთვის კონკრეტულ სარგებელში აისახება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობის ხასიათსა და ქვეყნებს შორის არსებულ მიდგომებზე.
„სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ქვეყნებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.




























