პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჩინეთთან ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს ყველა სექტორში ზრდის პოტენციალს აჩენს და ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
“შარშან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, თანდათან ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს.
მორიგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, სწორედ უვიზო რეჟიმი იყო - ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღო, ამას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილებაც - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მობილობის თვალსაზრისით, ასევე, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების განვითარებას - ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი, ამიტომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღის განმავლობაში დარჩენას შეძლებენ, კობახიძის თქმით, ცვლილება კი ძალაში სულ რამდენიმე დღეში შევა.
საქართველომ კი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასულ წელს აამოქმედა.