მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმებაზე კობახიძის განცხადებას, ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ

პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში BM.GE-ის ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, კონსორციუმთან ხელშეკრულება გაფორმებულია.

„სამუშაოები უკვე იწყება. როგორც მოგეხსენებათ, გაფორმდა ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან. ასევე, ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე. პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს, პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს სწორედ 2029 წლისთვის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და ცნობილი იყო, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობდა, BM.GE ინფორმაციის დასაზუსტებლად ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ საკითხების დაზუსტება დასკვნით ეტაპზეა და ხელშეკრულება ამის შემდეგ გაფორმდება.

[პრემიერის განცხადებაში] იგულისხმებოდა, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტება, რაც დასკვნით ეტაპზეა და ამის შემდგომ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება“, - გვითხრეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, მთავრობამ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ პირვლემა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა საკითხზე 27 სექტემბერს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, ბევრ საკითხზე პოზიციები უკვე დაახლოვდა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები