სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ჩინური გიგანტი Anta Sports-ი გერმანული ბრენდის, Puma-ს უმსხვილესი აქციონერი ხდება.
როგორც ცნობილია, ჩინურმა კომპანიამ წარმატებით მიაღწია შეთანხმებას ფრანგულ საინვესტიციო ჯგუფ Artemis-თან, რომლის ფარგლებშიც ის 1.8 მილიარდ დოლარად Puma-ს 29%-იან წილს შეიძენს.
აღსანიშნავია, რომ Anta თითო აქციაში 35 ევროს გადაიხდის, რაც საბაზრო ფასთან შედარებით 60%-იანი პრემიაა, თუმცა გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, Puma-ს აქციების შეფასება ბირჟაზე თითქმის 20%-ით გაიზარდა.
ჩინური ჰოლდინგის განცხადებით, ეს ნაბიჯი Anta Sports-ის გლობალური ექსპანსიის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია გლობალურ ბაზარზე Nike-ისა და Adidas-ის რეალური კონკურენტის შექმნა. ჩინური კომპანია, რომელიც უკვე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Fila, Salomon და Arc'teryx, გეგმავს თავისი პორტფელი Puma-ს კოლექციითაც გააძლიეროს.
მიუხედავად იმისა, რომ Anta უმსხვილესი აქციონერი ხდება და სამეთვალყურეო საბჭოში სტრატეგიულ ადგილებს დაიკავებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე Puma-ს სრულიად გამოსყიდვას არ გეგმავენ და ბრენდი დამოუკიდებლად განაგრძობს ოპერირებას.



























