მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური EVERGRANDE-ის აქტივების ლიკვიდაცია და გაკოტრება დროებით გადაიდო

Evergrande

ჩინეთის მასშტაბით უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის, Evergrande-ის აქტივების ლიკვიდაცია და კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების პროცედურა დროებით გადაიდო.

ჰონგ-კონგის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას დამატებით 2 თვე მიეცემა, რათა მენეჯმენტმა რესტრუქტურიზაციის ახალი სტრატეგია მოიფიქროს, რომელიც ბიზნესის გაგრძელებას და ინვესტორების უფლებების დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. თუკი თებერვლამდე Evergrande-ის ხელმძღვანელობა ამას ვერ შეძლებს, მაშინ კომპანიას გაკოტრების გამოცხადება და აქტივების გაყიდვა მოუწევს, რათა ინვესტორებისა და კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები ნაწილობრივ მაინც გადაფაროს.

მართალია, ამჟამად Evergrande-ი გაკოტრების პირასაა, თუმცა ამაზე საგანგაშო ის არის, რომ კომპანიას 350 მილიარდი დოლარის ფინანსური ვალდებულებები აქვს, რითაც ის მსოფლიოში პირველად ადგილს იკავებს.

შედარებისთვის, Evergrande-ის აქტივების მოცულობა 256 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანია გადახდისუუნაროა, თუმცა ის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ მის გაკოტრებას და კოლაფსს ჩინეთის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.

1996 წელს დაფუძნებული კომპანია ჩინეთის მასშტაბით 1,300-ზე მეტ მსხვილ პროექტს და მილიონობით საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს ფლობს. ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პროექტების თითქმის ნახევარი სწორედ Evergrande-ზე მოდის, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Evergrande-ისთვის კრიზისი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა Evergrande-ის მსგავსი მოცულობის ვალი არცერთ სხვა კომპანიას არასოდეს ჰქონია, რისკების არასათანადო მენეჯმენტმა კი დეველოპერული ტიტანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.

პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული, Evergrande-ის ხელმძღვანელობა და ჩინეთის მთავრობაც კომპანიის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ მცდელობების მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებლის ქონება მაინც ფაქტობრივად გაცამტვერდა. სულ რაღაც ორ წელიწადში ჰუი კა იანმა $42-მილიარდიანი ქონების 98% დაკარგა და ახლა უკვე ის მილიარდერიც კი აღარ არის. არადა, ერთ დროს ის აზიის რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები