მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური EVERGRANDE-ის აქციები 80%-ით გაიზარდა - დეველოპერული გიგანტი გაკოტრებას გადარჩა

Evergrande

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის, Evergrande-ის აქციების ღირებულება ბირჟაზე დღეს 80%-ით გაზარდა.

Evergrande-ი მთელი მსოფლიოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი წელია გაკოტრების ზღვარზეა. ბოლოს გასაჯაროებული ფინანსური შედეგების თანახმად, კომპანია 81 მილიარდი დოლარის ზარალზეა, რაც ინდუსტრიის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, ამ ზარალის მოცულობაზე კოლოსალური Evergrande-ის ვალის მოცულობაა, რომელიც 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ მაჩვენებლით ჩინური სამშენებლო კომპანია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეს იმდენად აბსურდული მაჩვენებელია, რომ ამ კომპანიის ვალის მოცულობა ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს აღწევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Evergrande-ის აქტივების მოცულობა 256 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანია გადახდისუუნაროა, თუმცა ის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ მის გაკოტრებას და კოლაფსს ჩინეთის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.

1996 წელს დაფუძნებული კომპანია ჩინეთის მასშტაბით 1,300-ზე მეტ მსხვილ პროექტს და მილიონობით საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს ფლობს. ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პროექტების თითქმის ნახევარი სწორედ Evergrande-ზე მოდის, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Evergrande-ისთვის კრიზისი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა Evergrande-ის მსგავსი მოცულობის ვალი არცერთ სხვა კომპანიას არასოდეს ჰქონია, რისკების არასათანადო მენეჯმენტმა კი დეველოპერული ტიტანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.

ახლა კი რაც შეეხება Evergrande-ის აქციების 80%-იან ზრდას, ეს რეალურად მისი პარტნიორი კომპანიის Country Garden Holdings-ის ქმედებით არის განპირობებული. რამდენიმე საათის წინ ამ კომპანიამ ობლიგაციები დაფარა, ანუ დეფოლტის გამოცხადება თავიდან აირიდა. იმ შემთხვევაში, თუ Country Garden Holdings-ი ამას ვერ შეძლებდა, მაშინ Evergrande-ის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა, რადგან გაკოტრების პირად მისი სტრატეგიული პარტნიორიც აღმოჩნდებოდა, ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კი ნამდვილი კოლაფსის წინაშე იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები