მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის, Evergrande-ის თავმჯდომარეს პატიმრობა ემუქრება. როგორც ცნობილია, ჰუი კა იანი ამჟამად პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, პროკურატურა კი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას იწყებს.
ბიზნესმენზე ზეწოლის ზრდა Evergrande-ის ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება. კომპანია ვალდებულებებზე დეფოლტს განიცდის და მას გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია.
კომპანია ამჟამად $81-მილიარდიან ზარალზეა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ ზარალის მოცულობაზე კოლოსალური Evergrande-ის ვალის მოცულობაა, რომელიც 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ მაჩვენებლით ჩინური სამშენებლო კომპანია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეს იმდენად აბსურდული მაჩვენებელია, რომ ამ კომპანიის ვალის მოცულობა ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს აღწევს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ Evergrande-ის აქტივების მოცულობა 256 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანია გადახდისუუნაროა, თუმცა ის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ მის გაკოტრებას და კოლაფსს ჩინეთის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.
1996 წელს დაფუძნებული კომპანია ჩინეთის მასშტაბით 1,300-ზე მეტ მსხვილ პროექტს და მილიონობით საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს ფლობს. ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პროექტების თითქმის ნახევარი სწორედ Evergrande-ზე მოდის, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Evergrande-ისთვის კრიზისი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა Evergrande-ის მსგავსი მოცულობის ვალი არცერთ სხვა კომპანიას არასოდეს ჰქონია, რისკების არასათანადო მენეჯმენტმა კი დეველოპერული ტიტანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.