ჩინური ონლაინმაღაზია SHEIN-ი, რომელიც სწრაფი მოდის, ე.წ. Fast Fashion-ის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა მსოფლიოში, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დასალისტად ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს და დასძენს, რომ თავისუფალ ვაჭრობაში, კომპანიის აქციები, 2024 წელს ჩაეშვება. როგორც ცნობილია, უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის დროს, SHEIN-ი $66 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ პირველადი საჯარო განთავსების, იგივე IPO-ს დროს, როგორც წესი, კომპანიის შეფასება მკვეთრად იმატებს.
კონკრეტულად რამდენად აფასებენ კომპანიის აქციების ღირებულებას აქციონერები, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ, როგორც CNBC წერს, ჩინურ კომპანიასა და აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიას (SEC) შორის პირველადი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პარალელურად ამისა, გრძელდება აშშ-ის კონგრესის მიერ დაწყებული გამოძიება, რომლითაც უნდა დაზუსტრდეს, აქვს თუ არა ჩინურ კომპანიას კავშირი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. ამასთან, ამერიკელი კანონმდებლები ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიას მოუწოდებენ, კომპანიას IPO-ს უფლება მანამ არ მისცეს, სანამ არ დამტკიცდება, რომ SHEIN-ის მიწოდების ჯაჭვში ადამიანები იძულებით არ მუშაობენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ SHEIN-ი ჯერ კიდევ 2008 წელს, ჩინეთში დაფუძნდა, მაგრამ მას შემდეგ, კომპანია რადიკალურად გაიზარდა და დღეს, მისი სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. კომპანიის არსი და შესაბამისად ბიზნესმოდელი ისაა, რომ SHEIN-ზე მოდური ტანსაცმელი იაფად იყიდება, რის გამოც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მას ძალიან ხშირად სტუმრობენ.