მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჩინური სახელმწიფო კომპანიები ინფრასტრუქტურულ პროექტებში დემპინგური ფასებით მონაწილეობენ”- ასოციაცია

ირაკლი გიორგობიანი

საქართველოს ინფრასტრუქტურულ ბაზარზე ჩინური სახელმწიფო კომპანიების დომინირება და ადგილობრივი სამშენებლო სექტორის სისუსტე მწვავე პრობლემად რჩება. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, უცხოური კომპანიები ტენდერებში ხშირად დემპინგურ ფასებს იყენებენ, რაც ქართულ ბიზნესს კონკურენციის საშუალებას არ აძლევს.

ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ხარვეზებზე მიუთითებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წელიწადში სექტორში მილიარდობით ლარი დაიხარჯა, ამ ინვესტიციებმა ძლიერი ადგილობრივი კომპანიების ჩამოყალიბებას ხელი ვერ შეუწყო.

“ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურაზე და ხარისხზე, თუმცა ნაკლებ აქცენტს ვაკეთებთ იმ დემპინგზე, რომელსაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები ახორციელებენ ჩვენს ბაზარზე. დღეს ისინი დომინანტები არიან. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა თბილისის შემოვლითი გზის ტენდერი და სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არცერთი ქართული კომპანია, რომელსაც შეუძლია 120-მილიონიანი პროექტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბოლო 30 წელიწადში მილიარდობით ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ეს არ ტრანსფორმირდა ძლიერი ადგილობრივი კომპანიების არსებობაში.

2026 წლის ბიუჯეტში ყველაზე მნიშვნელოვანი მხარჯველი ინფრასტრუქტურის სამინისტროა - დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარი. აქედან 1.5 მილიარდი საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოდის. ასევე იზრდება ინვესტიციები განათლების ინფრასტრუქტურაში. იმედი მაქვს, მოხდება ძალების გაერთიანება ქართულ კომპანიებში, რომ თბილისის შემოვლითი გზის პროექტში მაინც შეძლონ პოზიციონირება.”-აცხადებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები