მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური Shein-ის შეფასება 70%-ით შემცირდა

shein

ჩინური Shein-ი ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე პირველად საჯარო განთავსებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც კომპანია $1.77 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას ვარაუდობს. ოფიციალური განაცხადის თანახმად, სწრაფი მოდის ონლაინ-რიტეილერი 280 მილიონი B კლასის აქციის გაყიდვას აპირებს, ხოლო თითოეული აქციის საორიენტაციო ფასი 47.60-დან 49.50 ჰონკონგურ დოლარამდე დიაპაზონში განისაზღვრა.

საფასო დიაპაზონის მიხედვით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $27 მილიარდს მიუახლოვდება, რაც იმას ადასტურებს, რომ კომპანიის ამჟამინდელი შეფასება მკვეთრად ჩამორჩება მის ისტორიულ მაჩვენებლებს.

2022 წლის კერძო დაფინანსების რაუნდში ონლაინ-რიტეილერი $98.2 მილიარდად შეფასდა, ხოლო 2023 წელსა და 2024 წლის აპრილში მისი ღირებულება $64 მილიარდს შეადგენდა. შეფასების 70%-იანი ვარდნა შემოსავლების ზრდის ტემპის შენელებასა და მოგების მარჟაზე გაზრდილ ზეწოლას უკავშირდება.

2025 წელს კომპანიის ამონაგების ზრდა 8%-მდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის დასაწყისში, აშშ-ის მიერ მცირე ამანათებზე საგადასახადო შეღავათის გაუქმებისა და ერთჯერადი საბუღალტრო ჩამოწერების ფონზე, Shein-მა $99 მილიონიანი წმინდა ზარალი დააფიქსირა.

მზარდი საგადასახადო ტვირთის გამო კომპანიამ პროდუქციაზე ფასები გაზარდა, რამაც მის გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკსა და ლონდონში საჯარო ლისტინგის მცდელობების ჩაშლის შემდეგ, Shein-მა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების რეგულირების კომისიისგან ჰონკონგის ბირჟაზე აქციების განთავსების ნებართვა ივლისის დასაწყისში მიიღო. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, რითეილერმა ლისტინგისთვის "ოქროს პერიოდი" ხელიდან გაუშვა, ვინაიდან ინვესტორთა ინტერესი მსგავსი პლატფორმების მიმართ შემცირდა, ჰონკონგის IPO ბაზარზე კი უპირატესობა ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სექტორის კომპანიებს ენიჭება. ამასთან, Shein-ის პოზიციებს ართულებს მიწოდების ჯაჭვში შრომის პირობებთან დაკავშირებული კრიტიკა, 35 წლამდე მომხმარებელთა აქტივობის კლება და მზარდი კონკურენცია Temu-ს მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები