მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური ვაქცინები აღიარებული არ არის და შემოტანას არ განვიხილავთ - გაბუნია

5ffc20dfdb22e
ინგა მურუსიძე
11.01.21 13:50
1557
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება.

როგორც მან საკითხის კომენტირებისას თქვა, ვაქცინაციის პროგრამისთვის საქართველო განიხილავს ვაქცინებს, რომლებსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ასევე ჯანმოს პრეკვალიფიკაცია.

„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ამ ეტაპზე ჩვენთვის ნაცნობი ფარმაცევტული კომპანიებიდან ცნობილია „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, რომლებიც შედარებით წინ არიან შედეგებით, თუმცა არც ერთი არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმოს მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული, ამიტომ მათ შემოტანას არ განვიხილავბთ. ამ ეტაპზე განვიხილავთ „ფაიზერის“ ვაქცინას, „ასტრა-ზენეკას“ და „მოდერნას“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინის მისაღებად ქვეყანაში სრული მზაობაა, მათ შორის არ არის პრობლემა მაცივრის, რომელიც -80 გრადუსზე ყინავს.

„დღესაც, რომ იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა, შევინახავთ. სამ დიდ ქალაქში გვაქვს მაცივრები, მაცივრები არის ლუგარის ლაბორატორიაში და მის ფილიალებში, ასევე ტუბერკულოზის ცენტრში. ეს მაცივრები ძვირიც არ ღირს, ანუ ეს არ არის პრობლემა. დაახლოებით 23 ათასი დოლარია ერთი ასეთი მაცივრის ღირებულება და თუ დამატება დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მედია დაინტერესდა, შეიძლება თუ არა ვინმე რომელიმე ვაქცინას ლობირებდეს, რაზეც გაბუნია ამბობს, რომ როგორი ლობირებაც არ უნდა იყოს, თუ მარეგულირებლების მიერ არ იქნა აღიარებული ვაქცინა, ქვეყანაში ის ვერ შემოვა.

„ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ვაქცინა მოხვდეს, ეს არის პრეკვალიფიკაცია ან მისი აღიარება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ანუ, ქვეყანაში ფარმაცევტული პროექტის რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ან ჩვეულებრივი რეგისტრაციის გზით, ან უნდა მოხდეს აღიარება მკაცრი მარეგულირებლების მიერ და მესამე გზა არის სახელმწიფოს მიერ გამარტივებული წესით პროდუქციის შემოტანა, თუმცა მასაც სჭირდება ჯანმოს პრეკვალიფიკაცია ამ მარეგულირებლების აღიარება. რაც არ უნდა ლობირება განხორციელდეს, თუ არ იქნება მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს მედიკამენტების ხარისხს, ქვეყანაში მისი შემოტანა ვერ მოხდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები