ჩინეთის მასშტაბით მიმდინარე უძრავი ქონების და საბანკო-საფინანსო კრიზისის ფონზე, ერთ-ერთმა უმსხვილესმა კონგლომერატმა, Wanda Group-მა საკუთარი დეველოპერული ბიზნესის 60%-იანი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
გარიგების მოცულობა 8 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს და აქტივის შემსყიდველები კერძო ინვესტორებით დაკომპლექტებული კონსორციუმია, რომელსაც საინვესტიციო ფირმა PAG უძღვება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა შორის, ძირითადად, ჩინეთის, ჰონგ-კონგის და აბუ-დაბის უმდიდრესი მოქალაქეები არიან.
საერთო ჯამში, Wanda Group-ის საკუთრებაში ჩინეთის მასშტაბით განთავსებული 496 სავაჭრო ცენტრი და მსხვილი ზომის მოლია, რომელთა მესაკუთრეები ახლა სწორედ ზემოხსენებული ინვესტორები გახდებიან.
თავად Wanda Group-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ კომპანია რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩინური დეველოპერული კომპანია. გაკოტრებისგან თავის გადარჩენის ერთადერთი გზა კი, როგორც ჩანს, Wanda Group-ისთვის აქტივების გასხვისება აღმოჩნდა.