სართიჭალაში ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ სოსისისა და ძეხვეულის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც bm.ge-ს „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე ქეთი ვაშაკიძემ განუცხადა, საწარმოს მშენებლობის უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია.
„ახლა მიმდინარეობს სპეციალური იატაკების მოწყობა. უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე წარმოების დაწყებას ვგეგმავთ “, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საწარმო გათვლილია, დაახლოებით, 8-10 ტონა პროდუქციის წარმოებაზე დღის განმავლობაში. სართიჭალას ახალ საწარმოში წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება, თუმცა ქეთი ვაშაკიძის თქმით, კომპანია საექსპორტო პოტენციალის გამოყენებასაც აქტიურად აპირებს.
ცნობისთვის: პროექტის ჯამური ღირებულება $5 მლნ-ია.