მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩივნინგის სტიპენდია ქმნის შესაძლებლობებს - გამოცდილება და რჩევები საქართველოს ბანკის სტიპენდიანტებისგან

ჩივნინგი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელია, ფინანსური ინსტიტუტი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში გაემგზავრონ სასწავლებლად.

ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 3 სტიპენდიატს ირჩევს და მათ დიდ ბრიტანეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო ხარისხიანი განათლება ბრიტანეთის უნივერსიტეტებში. მათ შორის არიან ლუკა ხიმშიაშვილი და ნინუცა ნანიტაშვილი.

ლუკა 2021 წლის გამარჯვებულია, ნინუცა კი - 2019 წლის. ორივე მათგანმა გამორჩეული ცოდნა მიიღო საკუთარ სფეროში, დაბრუნდა სამშობლოში და ახლა ბრიტანეთში მიღებულ გამოცდილებას საკუთარ საქმეში იყენებს.

ლუკა და ნინუცა მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით კი ყველას ურჩევენ, აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი - არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და ისწავლონ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში. როგორც ისინი ამბობენ, ეს არის თავგადასავლებით სავსე ერთი წელი, რომელიც გეხმარება, აღმოაჩინო ახალი უნარები საკუთარ თავში და არა მხოლოდ ისწავლო ახალი, არამედ გაიზარდო პიროვნულადაც.

ამბობენ, რომ ჩივნინგის პროგრამა არ არის მხოლოდ სწავლაზე მიმართული, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ეს გამოცდილება სავსეა აღმოჩენებით.

„თითქოს ამ 1 წელში არის ჩატეული მთელი ცხოვრება. ძალიან ბევრი რამ, რაც შეიძლება, რომ წლების განმავლობაში გეკეთებინა, სწორედ ამ ერთ წელში ხდება. ეს ემოციურად შეიძლება რთული გადასატანია, ამიტომ მზად უნდა იყო, რომ ეს წელი „არ გაგეპაროს“ და მაქსიმალურად გამოიყენო“, – ამბობს ნინუცა.

ლუკას შეფასებით კი ჩივნინგი არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

„შეგიძლია მიიღო ისეთი გამოცდილება, რომელიც პირდაპირ სწავლას შეიძლება არ უკავშირდებოდეს, მაგრამ ყველაზე მეტად იქნება დასამახსოვრებელი. ამიტომ, ჩივნინგის პროგრამას არ უნდა მიუდგე ისე, როგორც მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამას, არამედ პირველ რიგში, როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ლუკა.

ამბობენ, რომ ეს ერთი წელი არის შესაძლებლობა, მიიღო ცოდნა და გამოცდილება ცნობილი პროფესორებისგან, გქონდეს წვდომა უდიდეს საგანმანათლებლო რესურსებზე და გახდე საერთაშორისო ქსელის ნაწილი.

„სწავლობ ისეთ გარემოში, სადაც არიან ცნობილი პროფესორები, მკვლევრები. შეიძლება იყო ოთახში, სადაც დარვინი მუშაობდა“, – ამბობს ნინუცა და ამატებს, რომ თავად დისერტაცია ცნობილ და აღიარებულ ბრიტანელ ეკონომისტთან დაიცვა. „ასეთი ადამიანებისგან სწავლა არის ერთ-ერთი მიზანი, ალბათ, რატომაც უნდა მოგინდეს, რომ დაუბრუნდე უნივერსიტეტს და ისწავლო ბრიტანეთში“.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ერთწლიანი პროგრამის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება და მიღებული ცოდნის საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში გამოყენებაა. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელსაც, როგორც ლუკა ამბობს, ყველა პატიოსნად იცავს. მათი თქმით, ბრიტანეთში მიღებული ცოდნის შემდეგ სტუდენტები იმდენად მოტივირებულები არიან, დაბრუნებამდე იციან, რას და როგორ გააკეთებენ.

„ჩემს შემთხვევაში უკვე ვიცოდი, ჩამოსვლის შემდეგ რას გავაკეთებდი. სწავლის პროცესში გავიარე რამდენიმე გასაუბრება საქართველოს ბანკთან... პროფესიული კუთხით ჩივნინგის სტიპენდია ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემთვის. უნივერსიტეტში გვქონდა ოთახი, სადაც ლონდონის საფონდო ბირჟის მოდელირებული სივრცე იყო გაკეთებული და იქ გვიწევდა ტექნიკური უნარების სწავლა. როდესაც ჩამოვედი და საქართველოს ბანკს შევუერთდი, ზუსტად იქ შეძენილი ტექნიკური უნარების გამოყენება დამჭირდა“, – ამბობს ლუკა.

ნინუცა კი ამბობს, რომ ჩივნინგი ქმნის ერთგვარ „კომუნას, რომლის ნაწილიც ხდები“, რადგან ამ დროის განმავლობაში იძენ უამრავ ნაცნობს მთელი მსოფლიოს გარშემო. იმავეს ამბობს ლუკაც, რომ ჩივნინგი სტუდენტებს შორის „სხვანაირ კავშირს აჩენს“.

„ჩართულობა სწავლის დამთავრების შემდეგაც გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე ერთი გამოცდილება გამოვლილი ხალხი ისევ ერთ წრეში ტრიალებს, საინტერესო სოციუმი იქმნება და როგორც ნინუცამ თქვა, მარტო ქართველებისგან კი არა, ძალიან ბევრი უცხოელისგან შედგება ეს სოციუმი. ჩივნინგი სხვანაირ კავშირს აჩენს სტუდენტებს შორის, რომელიც მერე მეგობრობას ან პროფესიულ კავშირებს უწყობს ხელს“.

ლუკას, ნინუცას და კიდევ 30-მდე სტუდენტის მსგავსად საქართველოს ბანკისგან სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ნებისმიერ მოტივირებულ ადამიანს აქვს.

თუკი გსურს, შენც გახდე ამ ყველაფრის ნაწილი, ამისათვის მხოლოდ აპლიკაციის შევსებაა საჭირო. აპლიკაციების მიღება ერთ დღეში, 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/

გამარჯვებული კანდიდატებიდან სამი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები