მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chizzzy წელს ინდუსტრიული ხაჭაპურის წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობას გეგმავს

ჩიზზზი

კომპანია Chizzzy, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, წელს ინდუსტრიული ხაჭაპურის წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე მისმა დამფუძნებელმა, გიორგი ბოჭორიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

Chizzzy გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს აჭარულ ხაჭაპურს, ხაჭაპურს მეგრული აჯიკით, რაჭული ლორით, ლობიოთი და მექსიკური ჩილი კონ კარნეთი სთავაზობს.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საწარმო, რომელიც ინდუსტრიულ წარმოებას და შემდგომში მათი პროდუქციის ექსპორტს ხელს შეუწყობს, სავარაუდოდ, თბილისის შემოგარენში უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე, ლოკაციის მოძიების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ყველა ხარჯის დეტალური კალკულაცია მოხდება.

„გვინდა, ჩვენი ინდუსტრიული ხაჭაპურის წარმოება გვქონდეს, რისთვისაც ქარხნის აშენებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე სივრცეს ვეძებთ და ის, სავარაუდოდ, თბილისთან ახლოს იქნება. ტექნოლოგიური პროცესი გერმანელ ექსპერტებთან ერთად გვაქვს გამართული და იმედი გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებას წელს მოვახერხებთ, თუ დასრულებას არა. რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და ამიტომ, ზუსტი საინვესტიციო მოცულობები არ შეგვიძლია ვთქვათ. იქ, ჩვენ ერთ ცვლაში 30 000 ცალი ხაჭაპურის წარმოებას და დაახლოებით 20-დან - 40 ადამიანამდე დასაქმებას ვგეგმავთ.

გვინდა, რომ ქართული ხაჭაპურის ექსპორტი გვქონდეს, რისი შემადგენელი ნაწილიცაა კაფე, რომელიც ახლახან გავხსენით შალვა დადიანის 20 ნომერში. სივრცეში 8 მაგიდაა განთავსებული და ჯამში, სრული დატვირთვით 30-მდე ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. ობიექტი მომხმარებელს აჭარულ და კლასიკურ ხაჭაპურს სთავაზობს. გარდა ამისა, გვაქვს მეგრული აჯიკით, რაჭული ლორით, მხოლოდ ლობიოთი და მექსიკური ჩილი კონ კარნეთი. მათი ღირებულება საშუალოდ 15-დან 18 ლარამდე მერყეობს. წელს იმერული ხაჭაპურის და ლობიანიც დამატებაც გვინდა. ანუ ჯამში აჭარული, იმერული და ლობიანი გვექნება“, - ამბობს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, კაფე ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში, 13:00 საათიდან დაახლოებით 21:00 საათამდე მუშაობს და 8 ადამიანს ასაქმებს. თუმცა მას შემდეგ, რაც აქტიურ მუშა პროცესში გადავლენ, ობიექტი გეგმავს, რომ სამუშაო პერიოდი გაზარდოს და 11:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშაოს.

„კაფეს მაგალითზე, ფილიალების გახსნა თბილისსა და რეგიონებში გვინდა. მაგალითად, სეზონურად ზღვისა და სამთო კურორტებზე. ობიექტში სხვა პროდუქტებიც გაიყიდება, თუმცა მთავარი აქცენტი ხაჭაპურზე გაკეთდება. აღნიშნული ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა ობიექტებთანაც ვითანამშრომლოთ, რომლებიც ჩვენს პროდუქტს გაყიდიან“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

გიორგი ბოჭორიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მათი განვითარებისა და ზრდის პროცესი მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული და გადამწყვეტი მნიშვნელობა გარემო ფაქტორებსაც აქვთ.

ცნობისთვის, Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები