საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიაზე“ (ხობი 2) ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა.
საუბარია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ სიმძლავრის „ხობი 2“-ის პროექტზე, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 84 მილიონი დოლარია.
კომპანიას 6 თვის ვადაში, ჰესის ექსპლუატაციაში მიღებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის სემეკში წარდგენა დაევალა.
„ხობი 2“-ის საპროექტო წლიური გამომუშავება 194 მლნ.კვტსთ-ს შეადგენს. ის 2 აგრეგატისგან შედგება, თითოეულის დადგმული სიმძლავრე კი 22.25 მგვტ-ია.