Smart Studio-ს ბრენდის ქვეშ კომპანია „დიო“ ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების გაყიდვას იწყებს. როგორც BMG-ის Smart Studio-ს დამფუძნებელმა და „დიო“-ს მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა, ინოვაციური პროდუქტების ექსკლუზიურად შეთავაზება განახლებულ შოურუმში მოხდება.
„ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები შემოვიტანეთ ახალი ბრენდის, Smart Studio-ს ქვეშ. შესაბამისად, „დიო“-ს ყველა პროდუქტის მართვა მოხდება მობილურებით და აიპედებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამასთან, განვაახლეთ შოურუმი სულხან ცინცაძის 79-ში და იქ იქნება წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქტები, რომლის მართვაც მოხდება ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიით. მისი საშუალებით მომხმარებელს შეეძლება მობილური აპლიკაციით მართოს სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობები და პროდუქტები, როგორიც არის მოძრავი გადახურვა - პერგოლა, ფარდა-ჟალუზი, დამცავი ჟალუზი, საჩრდილობელი ტენტი, გარაჟის კარი, ჭიშკარი, მოძრავი შემინა, ასევე განათება, გათბობა, კონდიცირება და უსაფრთხოება“,- აცხადებს თამაზ დაუშვილი.
მისი განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიაზე მოთხოვნა მზარდია და სწორედ ეს გახდა ახალი მიმართულების განვითარების მოტივაცია.
„უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ითხოვს ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიას. მათ აქვთ სურვილი, რომ მეტი მოწყობილობა მართონ ამ ტექნოლოგიით. შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხეთ ბაზრის მოთხოვნას და კიდევ უფრო წინ წავედით, რადგან მაქსიმალურად ბევრი ელექტრო მოწყობილობის მართვა არის შესაძლებელი ჩვენს მიერ შეთავაზებული ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიის დახმარებით. ველოდებით მომხმარებელს Smart Studios-ს შოურუმში“,- ამბობს თამაზ დაუშვილი.