თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება ასევე ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა, რომლის საბოლოო დიზაინი 2024 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში დედაქალაქში 2023 წელს შესრულებული პროექტების განხორციელებისა და ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება და ის 2026 წელს უნდა დასრულდეს.
„თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა-მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები და საბოლოო დიზაინის შემუშავება და შემდეგ ეტაპობრივი შესყიდვისა და დანერგვის სამუშაოების განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების, კამერები, დეტექტორების, ერთიანი მართვის მართვის პლატფორმა და მართვის ცენტრის შესყიდვასა და დანერგვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ამ პროექტის განხორციელების მიზნობრიობაც განმარტა.
„დაგეგმილი აქტივობების შედეგად გაჩნდება საგზაო მოძრაობის, მათ შორის საცობების რეალურ დროში მართვის შესაძლებლობა, დაინერგება შუქნიშნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გადაუდებელი დახმარების მანქანების ავტომატური პრიორიტეტიზაციის სისტემა, საგზაო ნაკადების ეფექტიანი მართვის გზით მოხდება ჰაერის დაბინძურების შემცირება. პროექტის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება“, - განმარტა კალაძემ.