მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეკონომიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს რეალური კონტრიბუცია არ აქვს - სოსო ბერიკაშვილი

ბერიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში დაფიქსირებულ 6,3%-იან ეკონომიკურ ზრდაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT მიმართულებით კონსულტაციების გაწევა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების მოცულობის ზრდა განაპირობებს.

ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ეჭვი ეპარება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს ეკონომიკაში რეალური კონტრიბუცია შეაქვს.

„სტატისტიკა მოწმობს, რომ თვიდან თვემდე იკლებს ეკონომიკის ზრდის ტემპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა ნელდება. ანუ ეკონომიკა ისევ იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპი ნელდება.

მეორე საკითხია, რა განაპირობებს ამ ეკონომიკურ ზრდას და რამდენად არის ეს ინკლუზიური ანუ რამდენად აისახება ადამიანებზე.

მთავარი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაც ერთი შეხედვით ცუდი არ არის, მაგრამ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ აქ ბრუნვა ფიქსირდება დიდი, მაგრამ რეალური კონტრიბუცია ეკონომიკაში არ არის, რადგან ჩვენ გვაქვს კარგი პირობები უცხოელი IT კომპანიებისთვის, აქ არეგისტრირებენ, აქ უფიქსირდებათ ბრუნვა, მაგრამ დიდი ნაწილი საშემოსავლო გადასახადსაც არ იხდის ანუ საქართველოში არ არიან საერთოდ და საქართველოში ფულს არ ხარჯავენ. საქსტატი კი არ იტყუება მანიპულაციურად ამ შემთხვევაში, არამედ თვითონ სტრუქტურაა ისეთი, რომელიც გვაძლევს არასწორ შედეგს და არარეალურ შედეგს.

ამას სჭირდება დამატებითი კვლევა და ჩაღრმავება, რომ დავინახოთ რატომ ხდება ისე, რომ ჯერ კიდევ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ეს არ აისახება ადამიანებზე“, - აცხადებს სოსო ბერეკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში დაფიქსირებულ მშპ-ს 7,5%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში ეკონომიკის ზრდა 6,3%-მდე შენელდა. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა. შემცირებულია დღგ-ს გადამხდელ კომპანიათა ბრუნვის ზრდის მაჩვენებელიც, რაც ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით მეტია, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა თვეებთან მიმართებით შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები