მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ჩნდება კითხვა], ღვინის დარგი თვითდაფინანსებაზე გადადის? როგორ გადანაწილდება თანხები? – „ღვინუკა“ ნიშანდების საფასურზე

ზურა მაისაშვილი

მეღვინეობა “ღვინუკას” დამფუძნებელი, ზურა მაისაშვილი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდების ამოქმედება ფალსიფიცირების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა როგორც მეღვინემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, კითხვები ჩნდება ნიშანდების საფასურთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრის ფარგლებში იქნება. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, გადადის თუ არა ღვინის დარგი თვითდაფინანსებაზე.

ზურა მაისაშვილი ასევე სვამს კითხვას, როგორ გეგმავს ღვინის ეროვნული სააგენტო საბოლოოდ აღნიშნული თანხების ღვინის მარკეტინგზე გადანაწილებას. “ღვინუკას” დამფუძნებელი ამბობს, რომ მეღვინეებისთვის ფინანსურად ეს გადასახადი მძიმე არ იქნება, თუმცა დარგისთვის ბიუროკრატია იზრდება.

“QR კოდის შემოღება თავიდან აგვაცილებს ღვინის ფალსიფიცირებას და გააუმჯობესებს მიკვლევადობას, რადგან მისი წაკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, კონკრეტულ ბოთლში როგორი ტიპის ღვინო ასხია, სად არის ის ყურძენი მოწეული, რომელი კომპანიის მიერ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ეტიკეტზე აქამდეც იყო, თუმცა უფრო დეტალურად იქნება QR კოდის წაკითხვის ნაწილში. ევროკავშირში გასული ღვინოების მნიშვნელოვან ნაწილს ისედაც უკვე აქვს QR კოდი დატანილი, შესაბამისად, ეს უფრო გავრცელდება იმ ღვინოებზე, რომლებიც ასეთი მკაცრი რეგულაციების მოთხოვნის ქვეყნებში არ გადის. როგორიც არის პირობითად რუსეთი, ჩინეთი, ამ ტიპის ღვინოებზე უფრო გავრცელდება.

ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად როდის ამოქმედდება 10-თეთრიანი ტარიფი თითოეულ ბოთლზე. უშუალოდ ჩემი პოზიცია არის, რომ ნამდვილად მივესალმები QR-ის დატანას, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება 10-თეთრიანი ტარიფის შემოღება, რატომ არის 10 თეთრი და არა მაგალითად, 5 ან 20 თეთრი. ამავდროულად, სახელმწიფო თუ აქამდე ისედაც აფინანსებდა ღვინის მარკეტინგს, გადავდივართ თუ არა თვითდაფინანსების რეჟიმზე. ასევე როგორ განაწილდება [ეს გადასახადი], ვიღაცამ შეიძლება მილიონი ბოთლი აწარმოოს, ვიღაცამ - 5 000 და ტარიფის მიხედვით როგორ განაწილდება შემდეგ ეს აკუმულირებული თანხა, ჯერჯერობით დაუდგენელია.

ზედმეტი ბიუროკრატია შემოდის და ფინანსურად ეს არ არის აუტანელი ტვირთი. რა თქმა უნდა, ბოთლზე 10-თეთრიანი დანამატი საბოლოოდ ფასზეც არ მოახდენს გავლენას. თუმცა შემოდის დამატებითი ბუღალტერია, დამატებითი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც ისედაც აქვს ნებისმიერი ტიპის და ზომის მარანს. თუმცა ის არის, რომ დამატებითი ხარჯი იქნება გასაწევი და ადამიანური რესურსი იქნება ჩასადები ამის საკონტროლებლად და აღსარიცხად. მთავარი კითხვაა - რატომ ებმის [გადასახადი] QR კოდის დატანას და არა, პირობითად, ალკოჰოლის ნომრის აღებას ან ორგანოლეპტიკური ანალიზის [ჩატარებას]. ეს არის ჩემი მთავარი კითხვა”, - განაცხადა ზურა მაისაშვილმა.

ცნობისთვის, ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდება 2027 წლიდან ამოქმედდება და ის ფასიანი იქნება, ბოთლზე დაახლოებით 10 თეთრის ფარგლებში. ღვინის ეროვნული სააგენტო ახალი მოსაკრებლიდან წლიურად 14-დან 16 მილიონ ლარამდე შემოსავალს ელოდება. ნიშანდება ბოთლზე ან ეტიკეტზე სააგენტოს მიერ სპეციალური QR კოდის დატანას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები