საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიას სპირტის მრავალმილიონიანი მარაგები ეკუთვნის. დღეს მთავრობის საკუთრებაში არსებულმა "მოსავლის მართვის კომპანიამ" 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო სუბსიდიით დამზადებული სპირტის და ღვინო-მასალის მარაგები მკვეთრად ჩამოფასდა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მარაგები რომლებიც 220.7 მილიონ ლარად იყო შეფასებული 52.2 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა, რაც ღირებულების 168.5 მილიონი ლარით შემცირებას წარმოადგენს. ღირებულების 76%-იანი ვარდნა განპირობებულია იმით, რომ პროდუქცია რომელსაც კომპანია სახელმწიფო სუბსიდიით აწარმოებს საჯარო აუქციონებზე საწყის ფასად ფაქტობრივად არასდროს იყიდება და მათი რეალიზაციისთვის ფასის მკვეთრი შემცირება ხდება, რის გამოც კომპანიის მარაგების ღირებულება მნიშვნელოვნად კლებულობს.
რატომ არსებობს "მოსავლის მართვის კომპანია"
"მოსავლის მართვის კომპანია" მთავრობამ 2021 წელს, რთველის პროცესის წარმართვისთვის დააფუძნა. კომპანია 2025 წლამდე ყოველწლიურად დაახლოებით 40-50 ათას ტონა "ჭარბ ყურძენს" ყიდულობდა და მისგან ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს ამზადებდა, ამის პარალელურად სუბსიდია გაიცემოდა ღვინის კერძო კომპანიებზეც რომლებიც ყურძენს იბარებდნენ. 2025 წელს კი შეიცვალა სუბსიდირების მოდელი და ღვინის ქარხნებზე თანადაფინანსების გაცემის ნაცვლად, ის ყურძენი რომელიც სუბსიდირებას ექვემდებარებოდა პირდაპირ "მოსავლის მართვის კომპანიას" უნდა შეეძინა. რქაწითელის ჯიშის ყურძენზე შესასყიდი ფასი კილოგრამზე 1.20 ლარით განისაზღვრა; საფერავის ჯიშზე 1.50 ლარი; დაზიანებულ ყურძენზე კი 1 ლარი. ამასთან, 2025 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალი რეკორდულად დიდი იყო, რის გამოც ბაზარზე მნიშვნელოვანი ოდენობით "ჭარბი ყურძენი" დაგროვდა. სტატისტიკის თანახმად, "მოსავლის მართვის კომპანიამ" 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 240 მილიონი ლარი დაიხარჯა. შედარებისთვის წინა წლებში სუბსიდია 50-54 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, კომპანიის მიერ მიღებული ყურძნის მოცულობა კი 40-50 ათასი ტონა. 2025 წელს კი მთლიანი მოსავალი 330 ათას ტონას შეადგენდა, საიდანაც 145.7 ათასი ტონა წარმოადგენდა "ჭარბ ყურძენს", ეს მთლიანი მოსავლის 44% იყო და ის "მოსავლის მართვის კომპანიამ ჩაიბარა. აღნიშნული ყურძნისგან კომპანიამ 100.6 მლნ ლიტრი ღვინო-მასალა აწარმოა, შემდეგ კი ამ ღვინო-მასალიდან 10 მლნ ლიტრი ა/ა საბრენდე სპირტი გამოხადა.
მთავრობის განცხადებით, სუბსიდირების არსებული მოდელი აუცილებელია იმისთვის, რათა ბაზარზე ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სუბსიდირების პროცესით მთავრობა მალფუჭებად პროდუქტს - ყურძენს გადააქცევს სპირტად და ღვინო მასალად, რომელსაც შემდგომში ისევე ღვინის კომპანიებზე ყიდის.
თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ კომპანიის მოვალეობას წარმოადგენს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვა, ეს ნიშნავს რომ თავად ამ მოცულობის ყურძენზე ბაზარზე მოთხოვნა არაა, შესაბამისად, რთულდება აღნიშნული პროდუქციისგან დამზადებული საბრენდე სპირტის და ღვინო-მასალის რეალიზაციაც.
როგორ ყიდის "მოსავლის მართვის კომპანია" მის მიერ დამზადებულ პროდუქციას
მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ სპირტსა და ღვინო-მასალას ეტაპობრივად, აუქციონების გზით ყიდის. თუმცა გაუყიდავ მარაგებზე ფაქტობრივად ჩამოფასება ყოველწლიურად ხორციელდება. 2022 წელს კომპანია 90 მილიონი ლარის მარაგებს აღრიცხავდა, რომლებიც 75%-ზე მეტად, ანუ 68 მილიონი ლარით ჩამოფასდა. 2023 წელს კომპანიაში 21 მილიონი ლარის მარაგები იყო აღრიცხული, რომელიც 50%-ზე მეტად, ანუ 11 მილიონი ლარით ჩამოფასდა. 2024 წელს კი კომპანიის მარაგები, რაც რთველის შემდეგ 102 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი, 62 მილიონი ლარით 39 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა, 2025 წლის რეკორდული რთველით კი მარაგებმა 220.7 მლნ ლარს მიაღწია და ის შემდგომ 52.2 მლნ ლარამდე, ანუ 168.5 მილიონი ლარით (76%-ით) ჩამოფასდა.
წლების მიხედვით, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება ასე ნაწილდებოდა:
- 2022 წელს - 39 მილიონი ლარი;
- 2023 წელს - 19.6 მილიონი ლარი;
- 2024 წელს - 6.5 მილიონი ლარი;
- 2025 წელს - 26.6 მილიონი ლარი.
კომპანია საკუთარი მარაგების რეალიზაციას აუქციონების გზით ახდენს, თუმცა აღნიშნული აუქციონები ძირითადად უშედეგოდ მთავრდება, რასაც ფასის კლება მოჰყვება.
სამჯერ ჩავარდნილი აუქციონები და შემცირებული საწყისი ფასი
2026 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდა საერთო ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების 20 ერთეული აუქციონი, რომლითაც 10 მილიონი ლიტრი ახალგაზრდა საკონიაკე სპირტის რეალიზაცია იგეგმებოდა (ლიტრი 8 ლარად).
თუმცა, 2026 წლის 23 თებერვალს ოცივე აუქციონი ჩავარდა, რის გამოც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფასი შეამცირა 72 მილიონ ლარამდე (ლიტრზე 7.2 ლარი) და განმეორებითი აუქციონი გამოაცხადა, მაგრამ 9 მარტს ხელახლა გამოცხადებული ოცივე აუქციონი ისევ ჩავარდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ფასი კიდევ ერთხელ, 64.8 მილიონ ლარამდე შეამცირა (ლიტრზე 6.48 ლარამდე), თუმცა 23 მარტს მესამედ გამოცხადებული ოცივე აუქციონი კიდევ ერთხელ ჩავარდა. Eauction-ის სისტემის თანახმად, მას შემდეგ ამ სპირტის რეალიზაციისთვის აუქციონი არ გამოცხადებულა.
"მოსავლის მართვის კომპანიის" ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიას საბანკო ვალებიც აქვს 121.9 მილიონი ლარის ღირებულების საბანკო ვალდებულება.
მთავრობა: ჭარბი მოსავალი პრობლემას არ წარმოადგენს
ცნობისთვის, 2026 წლის მაისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ყურძნის ჭარბი მოსავალი, რაც ღვინის კერძო კომპანიების მოთხოვნას აჭარბებს წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ სექტორი განვითარდეს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია, რომ მევენახეს არასდროს არ ჰქონდეს საქონლის რეალიზაციის პრობლემა, რის გამოც მთავრობა ყურძნის დაბინავების პროცესში აქტიურად არის ჩართული.
„ჭარბი მოსავლიანობა პრობლემა არ არის. ჭარბი მოსავლიანობა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ახალ ბაზრებზე ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ უფრო აქტიურად. ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ, როგორ შეიძლება რომ ღვინის ხარისხი გავაუმჯობესოთ და მხოლოდ ასე განვავითაროთ ღვინის სექტორი“, - განაცხადა მინისტრმა.
ხოლო კითხვაზე - როგორ განკარგავს სახელმწიფო წელს ჩაბარებულ ყურძენს, დავით სონღულაშვილის პასუხობს: „იგივენაირად, როგორც შარშან“. ის აცხადებს, რომ ღვინოზე სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იფიქროს.
„ჭარბი მოსავალი არასდროს არ ყოფილა ღვინის დარგში და არც იქნება მევენახის საზრუნავი. ღვინო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი. ღვინო არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის თანაცხოვრების ნაწილი. ამიტომაც არის განსაკუთრებული, ქართულ ღვინოზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ და განსაკუთრებულად ვიფიქროთ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მოცემულობაში და ამ ფორმატში ვიზრუნოთ ისე, რომ მევენახეს არასდროს იმის გამოწვევა არ ჰქონდეს - როგორ და სად დააბინავოს მოსავალი. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს აქვს აღებული ზრუნვა ყურძენზე და ღვინოზე, რომ არცერთი მარცვალი არ დარჩება ჩაუბარებელი და აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ როგორც ახლა ვითარდება საექსპორტო ბაზრები, კვლავაც ასე გაგრძელდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ჭარბი მოსავლის მიზეზები - ვენახების ფართობი ბოლო 10 წელში 81%-ით გაიზარდა და 59.9 ათას ჰექტარს მიაღწია, ქარხნების რაოდენობა ამავე ტემპით არ გაზრდილა
სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში ვენახების ფართობმა 2024 წლის ბოლოსთვის 59.9 ათას ჰექტარს (599 კვ.კმ) მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 81%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვენახების ფართობების ზრდასთან ერთად გაიზარდა მოსავლიანობა და 2025 წელს მან რეკორდულ 330 ათას ტონას მიაღწია. შედარებისთვის 2014 წელს ღვინის ქარხნებმა ჯამურად 118 ათსი ტონა ყურძენი ჩაიბარეს.
თუმცა, ამავე პერიოდში საქართველოს ღვინის ქარხნების და სპირტის გადამამუშავებელი კერძო კომპანიების სიმძლავრე ანალოგიური ტემპით არ გაზრდილა.
როგორ შეიცვალა საქართველოდან ღვინის და ბრენდის ექსპორტი ბოლო 10 წელში
მოსავალი და ყურძენი პირველ რიგში ღვინოსთან ასოცირდება, თუმცა უკანასკნელ წლებში საქართველოში წარმოებული ბრენდის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის შემოსავლებით თითქმის ღვინის ექსპორტს გაუტოლდა. უშუალოდ 2025 წელს კი საქართველოდან შემცირდა როგორც ღვინის ასევე სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რაც საგარეო მოთხოვნის კლებას უკავშირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით ბაზარზე ჭარბი ყურძნის პრობლემა უფრო გამწვავდა, რადგანაც გაუყიდავი მარაგების ფონზე ღვინის ქარხნების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნამ იკლო,
- 2016 წელი: ღვინის ექსპორტი – $112 მილიონი (ზრდა +20%), სპირტიანი სასმელები – $40 მილიონი (ზრდა +41%)
- 2017 წელი: ღვინის ექსპორტი – $170 მილიონი (ზრდა +52%), სპირტიანი სასმელები – $61 მილიონი (ზრდა +51%)
- 2018 წელი: ღვინის ექსპორტი – $195 მილიონი (ზრდა +15%), სპირტიანი სასმელები – $82 მილიონი (ზრდა +35%)
- 2019 წელი: ღვინის ექსპორტი – $221 მილიონი (ზრდა +14%), სპირტიანი სასმელები – $99 მილიონი (ზრდა +22%)
- 2020 წელი: ღვინის ექსპორტი – $209 მილიონი (კლება -6%), სპირტიანი სასმელები – $105 მილიონი (ზრდა +6%)
- 2021 წელი: ღვინის ექსპორტი – $238 მილიონი (ზრდა +14%), სპირტიანი სასმელები – $125 მილიონი (ზრდა +20%)
- 2022 წელი: ღვინის ექსპორტი – $252 მილიონი (ზრდა +6%), სპირტიანი სასმელები – $110 მილიონი (კლება -12%)
- 2023 წელი: ღვინის ექსპორტი – $258 მილიონი (ზრდა +2%), სპირტიანი სასმელები – $162 მილიონი (ზრდა +47%)
- 2024 წელი: ღვინის ექსპორტი – $275 მილიონი (ზრდა +7%), სპირტიანი სასმელები – $251 მილიონი (ზრდა +55%)
- 2025 წელი: ღვინის ექსპორტი – $267 მილიონი (კლება -3%), სპირტიანი სასმელები – $237 მილიონი (კლება -6%)




























