საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენის პროექტზე
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
პროექტის მიზანია თითოეულ ლოტზე დაახლოებით 165 ჰექტარ ტერიტორიაზე კვლევების ჩატარება, შესაბამისი ლოკაციების იდენტიფიცირება და შემდგომ ეტაპზე დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება.
ტენდერი მოიცავს ოთხ მონაკვეთს:
თბილისი–ზესტაფონი (არგვეთა);
ზესტაფონი (არგვეთა)–ქუთაისი–სამტრედია;
სამტრედია–გრიგოლეთი, გრიგოლეთი–ქობულეთი და ბათუმის შემოვლითი გზა;
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალი.
კონსულტანტის ვალდებულებებია:
ფუნქციური, ესთეტიური და ეკოლოგიურად მდგრადი ლანდშაფტური დიზაინის შემუშავება;
გზების მიმდებარე გარემოს ვიზუალური ხაზის გაუმჯობესება და ეკოსისტემის ინტეგრაცია;
ხმაურის დონის შემცირება, ფერდობების სტაბილიზაცია, ქარსაფარი ზოლებისა და წყალამრიდი სისტემების გაუმჯობესება;
უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დაცვა.




























