საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის წნორი–ლაგოდეხის 40-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო მონაკვეთი იწყება ქალაქ წნორში, მიუყვება თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და გვერდს უვლის სოფელ ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ცოდნისკარს, განათლებასა და ქალაქ ლაგოდეხს. გზა სრულდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან.
მონაკვეთის საერთო სიგრძე 40.4 კილომეტრია და 2-ზოლიანი იქნება. პროექტი ორ მონაკვეთად დაიყოფა და მოიცავს: წნორი–ლაგოდეხის 30.9 კმ-იან მონაკვეთს და ლაგოდეხის 9.5 კმ-იან შემოვლით გზას.
საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეს შეადგენს. დოკუმენტაციის თანახმად, დაიშვებიან მხოლოდ ის საინჟინრო კომპანიები, რომლებიც წარადგენენ საუკეთესო ფასს, გამოცდილების მხრივ კი მათ მოეთხოვებათ რომ პროექტის ლიდერს ჰქონდეს არანაკლებ 15-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საგზაო პროექტების ინჟინერიის მიმართულებით, ანალოგიური გამოცდილება მოეთხოვება პროექტის საგზაო და ხიდების ინჟინრებსაც.
"კონსულტანტს 2015 წლიდან ინტერესთა გამოხატვის მიღების ბოლო ვადამდე, წარმატებით განხორციელებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 (ორი) ხელშეკრულება, თითოეული მინიმალური ღირებულებით 2,000,000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს მაგისტრალის/ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას,"- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 17 თებერვლის, 18:00 საათისა უნდა წარადგინონ.
არსებული მდგომარეობით, უკვე გახსნილია კახეთის ავტომაგისტრალის 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც 527 მილიონი ლარი დაჯდა, ხოლო 2026 წელს უნდა გაიხსნას დამატებით 17-კილომეტრიანი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 277 მილიონი ლარი ჯდება. ასევე წელს არის დაგეგმილი ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, რომელიც წინასწარ 576 მილიონ ლარად არის შეფასებული.
ხოლო წნორი-ლაგოდეხის 40-კილომეტრიანი გზის აშენების შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისამდე საქართველოს სრულად განახლებული გზა ექნება.




























