დღეს საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანია "სინოჰიდროსთან" არსებული 95-მილიონიანი კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე კომპანიის მიმდინარე პროექტს - ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას უკავშირდება.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას ადგილზე საკმარისი პროგრესი არ გააჩნდა, ამიტომაც ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდება ახალი ტენდერი, რათა სწრაფად მოიძებნოს სამშენებლო კომპანია, რომელიც 2024 წელსვე შეასრულებს ამ საგზაო სამუშაოებს.
"ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. თუ კონტრაქტორი არ ასრულებს ვალდებულებას, მაშინ შესაბამისი იურიდიული პროცედურები უნდა განხორციელდეს,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "სინოჰიდრო" უკვე მეორე კონტრაქტორია, რომელსაც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ევალებოდა, თუმცა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. პირველი კონტრაქტორი ამ მონაკვეთზე იტალიური კომპანია Todini იყო, რომელთანაც 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის "სინოჰიდრომ" ჩაანაცვლა.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 95,689,302 ლარს, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელს შეადგენდა. თუმცა, ის ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის იანვარში "სინოჰიდროსთან" კონტრაქტი მოშალა.
ამჟამად მთავრობა იმედოვნებს, რომ გზას საბოლოოდ მესამე კონტრაქტორი მაინც დაასრულებს.