მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა?

გზა ხიდი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ჯერ კიდევ მარტში ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მიზანს გზის ტურისტულ სეზონამდე გახსნა წარმოადგენდა, თუმცა არსებული მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ პასუხში არაა დაკონკრეტებული უშუალოდ როდის გაიხსნება ეს გზა და მხოლოდ მითითებულია, რომ ის წლის ბოლომდე გაიხსნება.

ბათუმის შემოვლითი გზის სიგრძეა 14 კილომეტრი და ის 20 ხიდისა და 5 გვირაბისგან შედგება. ამ დროისთვის ხუთივე გვირაბი გაჭრილია, ხოლო 20-დან 19 ხიდი უკვე აშენებულია.

გზის სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.

ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით ფინანსდება.

ბათუმის შემოვლითი გზა ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალით უნდა გაგრძელდეს, რომლის პროექტირებაც ჯერ ინფრატსრუქტურის სამინისტროს დამთავრებული არ აქვს.

"E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე, დღეისათვის შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, შეადგენს 11 კმ-ს,"- ნათქვამია გზების დეპარტამენტის პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები