მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 144-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

სტეფანწმინდის შემოვლითი გზა

საქართველოს მთავრობა ქალაქ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი. 4.1 კმ სიგრძის გზა ჩრდილოეთით დაუკავშირდება სტეფანწმინდა-ლარსის ახალ 4.5-კილომეტრიან მაგისტრალს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება. ახალი გზის სავარაუდო ღირებულება 143.8 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი სამი ხიდის მშენებლობასაც მოიცავს.

სამინისტრო გზის მშენებლობის საჭიროებას იმით ხსნის, რომ ამჟამად საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობა სტეფანწმინდას პირდაპირ კვეთს და აუცილებელია, ტრანზიტულმა ნაკადმა დასახლებულ პუნქტს გვერდი აუაროს.

"არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი გზა კი, რომელიც დაბა სტეფანწმინდას შემოუვლის, გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს, რაც უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებზე სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეული ზემოქმედების თავიდან აცილებას.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის 9 კმ-იანი გვირაბისა და სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა,"- ნათქვამია პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორზოლიან გზას შემდეგი პარამეტრები ექნება:

  • საპროექტო სიჩქარე - 80 კმ/სთ
  • სავალი ნაწილის განივი ქანობი – 2.5 %;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2
  • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ.
  • გამაგრებული გვერდულის სიგანე - 2.5 მ;
  • გაუმაგრებული გვერდულის სიგანე - 1.0 მ;

კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობისთვის უნდა წარადგინონ პროექტის ღირებულების მინიმუმ 50%-ის ოდენობის დასრულებული პროექტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

"პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობის, მათ შორის, 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 15%-ისა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები