მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Christie’s-ის $143-მილიონიანი აუქციონი ლონდონში - შედეგები

1 Christies Evening sale 20/21
16.10.25 23:30
129

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

Christie’s 20/21 საუკუნის საღამოს აუქციონზე გამოტანილი ლოტების ჯამურმა ღირებულებამ $142.9 მილიონი შეადგინა; აუქციონის ჰაილაითი კი ბრიტანელი მხატვრის პიტერ დოიგის 1994 წელს შესრულებული ნახატი Ski Jacket იყო, რომლის საბოლოო ღირებულებამ 14 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 19 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

Ski Jacket
პიტერ დოიგი

აუქციონზე გატანილი 61 ლოტიდან 90% გაიყიდა; მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მიმდინარე წლის სააუქციონო ბაზარი წინა წლებთან შედარებით არასტაბილურია, რასაც გლობალური პოლიტიკური კლიმატი იწვევს, Christie’s-ის ყოფილი გლობალური პრეზიდენტის განცხადებით, შედეგი “ცალსახა ინდიკატორია, რომ სააუქციონო ბაზარი წელში გაიმართა ნიუ იორკის აუქციონებთან მოახლოებასთან ერთად”. აუქციონის ჯამური ღირებულება 2024 წელთან შედარებით 36 მილიონი აშშ დოლარით მეტი იყო და ამ ჯერზე აუქციონზე 10-ით მეტი ლოტი იქნა გამოტანილი, რაც ცხადყოფს მზარდ ინტერესს და მოთხოვნას.

Country Rock (1998-1999)
პიტერ დოიგი

აუქციონზე მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი ისევ პიტერ დოიგის ნამუშევარი იყო სახელწოდებით Country Rock, რომელზედაც კანადაში ერთ-ერთი გზის ქვეშ არსებული გვირაბის ცისარტყელით მოხატული შესასვლელია გამოსახული. ნახატი 9.2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

Haze Days
იოშიტომო ნარა

ოშიტომო ნარას სექტემბრის ბოლოს ჰონკონგში საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები ჰქონდა, თუმცა ლონდონში ჩატარებულ ამ აუქციონზე 1998 წლის ნახატი Haze Days არ გაიყიდა. წინასწარი შეფასებით ნამუშევარი 6.5-დან 8.5 მილიონამდე გირვანქა სტერლინგად უნდა გაყიდულიყო, თუმცა აუქციონი 4,7 მილიონზე გაჩერდა.

L’arc-en-Cole (Venice) (1905)
პოლ სინიაკი

წარმატებული საღამოს მიუხედავად, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ნახატების საბოლოო ღირებულება მკვეთრად ასახავს რა ფასობს დღეს მყიდველისთვის. უდავო ისტორიული ღირებულების მიუხედავად ადრეული მოდერნისტული მიმდინარეობები ასპარეზს პოსტმოდერნიზმს და თანამედროვე ხელოვნებას უთმობენ. პოლ სინიაკის, ნეო-იმპრესიონისტი მხატვრის, რომელმაც პუანტილიზმის ტექნიკა შეიმუშავა აუქციონზე ორი ნახატი გაიყიდა. ნახატების საბოლოო ღირებულება სავარაუდო ფასის შუალედს არ ასცდენია. ცისარტყელა (ვენეცია) (L’arc-en-Cole (Venice)) 4.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად (6.6 მილიონ აშშ დოლარად), ხოლო მარსელი. პორტის ხედი (Marseille. Le vieux port) 2.6 მილიონ გირვანქა სტერლინგად (3.5 მილიონი აშშ დოლარად) გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები