„ჩურჩხელა ბოქსი“ მალე ესპანეთის და ამერიკის ბაზრებზე გამოჩნდება. როგორც „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში „იას მეღვინეობას“ დამფუძნებელმა, ია იმერლიშვილმა განაცხადა, ბოქსი ესპანეთის მოსახლეობისთვის 3 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და ამ თარიღს არ გაცდება ამერიკის ექსპორტიც.
„თავდაპირველად რამდენიმე ათეული ბოქსი გაიგზავნება საცდელად, რაც ყველაზე მეტად ქართველ ემიგრანტებს გაახარებთ. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ გავიტანოთ სარეალიზაციოდ ბოქსების წარმოების 10%. მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება“, - აცხადებს ია იმერლიშვილი.
„ჩურჩხელა ბოქსის“ ღირებულება 55 ლარია. ია იმერლიშვილის აზრით, ბოქსის ღირებულება დიდი ფასნამატით არ გაიყიდება არც საზღვარგარეთ, რადგან მისი მიზანია პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.
ქართული ტრადიციული ტკბილეულის პოპულარიზაციის მიზნით და Do it yourself კონცეფციით შექმნილი “ამოავლე ჩურჩხელას” ბოქსში, 5 ჩურჩხელის ამოსავლებად საჭირო ყველა ინგრედიენტია ზუსტი პროპორციით მოთავსებული: ბადაგი, ფქვილი, ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ჩირი, ხის კოვზი, თაროს საკიდი ამოვლებული ჩურჩხელის ჩამოსაკიდად, რეცეპტი კი ქართულ, ინგლისურ და ბრაილის შრიფტზე არის დაწერილი. ბოქსში არის, რა თქმა უნდა, მზა ჩურჩხელაც. ეს ყველაფერი კი წინანდლის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება.