ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადრიდი კიევს €437 მილიონის ($490 მლნ) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
უკრაინის ლიდერის განმარტებით, გამოყოფილი რესურსი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას მოხმარდება.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ესპანეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული, კიევს მხარდაჭერას თანმიმდევრულ უწევს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანეთის მთავრობა უკრაინას ხუთი ერთეული Patriot PAC-2-ის ტიპის რაკეტის გადაცემას დაჰპირდა. კიევის განცხადებით კი, მოახლოებულ ზამთარში რუსული ბალისტიკური იერიშების მოსაგერიებლად ქვეყანას დაახლოებით 300 Patriot-ის რაკეტა დასჭირდება.
შეგახსენებთ, ბოლო კვირებში რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიშები მკვეთრად გახშირდა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მუდმივი დარტყმების სამიზნე ელექტროქსელი და წყალმომარაგების სისტემაა, რის გამოც განსაკუთრებით მძიმე ვითარება კიევში შეიქმნა.
























